გარემოსდაცვითი პოლიტიკა
გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებას  კანონების, წესების და პოლიტიკის სხვა მექანიზმების წინაშე გარემოსდაცვით და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში.  ეს საკითხები  ზოგადად მოიცავს ჰაერის და წყლის დაბინძურებას, მყარი ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, ეკოსისტემების მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ბუნებრივი რესურსების დაცვას, ველურ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილია ასევე პოლიტიკა, რომელიც ეხება ენერგეტიკულ ან ტოქსიკური ნივთიერებების რეგულირებას,  პესტიციდებისა და მრავალი სახის სამრეწველო ნარჩენების ჩათვლით. ეს პოლიტიკა შეიძლება მიზანიმართულად იქნას მიღებული ადამიანის ქმედებების განსაზღვრისა და თვალყურის დევნების მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ მავნე ზემოქმედება ბიოფიზიკურ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე და ასევე დავრწმუნდეთ, რომ  ცვლილებები გარემოში არ ახდენს მავნე ზეგავლენას ადამიანზე.
საქართველოში გარემოსდაცვითი დაგეგმვის სისტემის დანერგვის მცდელობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან იწყება. გაცნობიერებულ იქნა რა გარემოსდაცვითი პრობლემების კომპლექსური ხასიათი, ასევე ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვისა თუ სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის ღონისძიებებში გარემოსდაცვითი საკითხების ასახვის საჭიროება, 1996 წელს მიღებულ იქნა ჩარჩო კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“. ეს კანონი ითვალისწინებს ეროვნული მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადებას და ამ პროცესში წამყვან როლს გარემოს დაცვის სამინისტროს აკისრებს.
1991 წლის შემდეგ მრავალი კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი იქნა მიღებული საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში. საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც უპირატესი ძალა აქვს სხვა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებში, ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ზოგად წესებს. კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (1996) ქმნის ასევე ზოგადსამართლებრივ ჩარჩოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში.
გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირება საქართველოში მრავალი საერთაშორისო ვალდებულებითაც ხდება. იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს მიახლოება განვითარებულ საერთაშორისო საზოგადოებასთან, საქართველო ცდილობს დანერგოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული გარემოსდაცვითი მიდგომები და რეგულაციები, სადაც ეს შესაძლებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“.  ამის მიუხედავად, ვერ ხერხდება ყველა საერთაშორისო ვალდებულების სრულყოფილად განხორციელება.
ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიზნებს სახავს. სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 2006 წლის ნოემბერში ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის მიერ და მისი განხორციელება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსათვის ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ასოცირებულ შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ საკითხს გარემოს დაცვის სფერო წარმოადგენს. ხელშეკრულება ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს გარემოს დაცვის სფეროში, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს არა მარტო ადამიანისა და ეკოსისტემებისათვის შესაბამისი გარემო პირობების უზრუნველყოფას, არამედ გარემოსდაცვითი მმართველობისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების გაუმჯობესებას.
დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?