დაცული ტერიტორიები
საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანძური - ულამაზესი ბუნება და უნიკალური ბიომრავალფეროვნება, თითქმის ხელუხლებლად არის წარმოდგენილი დაცულ ტერიტორიებზე. დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულება, სწორედ, ამ უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა.
პირველი ოფიციალური მაღალი კატეგორიის  დაცული ტერიტორია - ლაგოდეხის ნაკრძალი დაარსდა 1912 წელს ხოლო საგურამოს ეროვნული პარკი შემდგომში თბილისის ეროვნული პარკი 1973 წელს.  1991 წელს, საბჭოთა პერიოდის დასასრულს, საქართველოში არსებობდა 15 ნაკრძალი, 1 ეროვნული პარკი  საერთო ფართობით 190 ათას ჰა-ს აღწევდა, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 2.7%-ს შეადგენდა. გარდა აღნიშნული დაცული ტერიტორიებისა, საქართველოს ფართობის 0.8% ეკავა 5 სატყეო-სამონადირეო მეურნეობას. 
1995 წლიდან დაიწყო საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოება და განვითარება. საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ 1996 წ. მიღებული კანონის მიხედვით და კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის - IUCN-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქართველოში დაკანონდა საერთაშორისო კრიტერიუმებისა და ნორმების შესატყვისი დაცული ტერიტორიების კატეგორიები (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) და მისი ჩამოყალიბების პროცედურები, რომელთა შესაბამისადაც 1996 წლამდე არსებულ დაცულ ტერიტორიებს, „საქართველოს დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონის შესაბამისად, 2007 წელს მიენიჭათ საერთაშორისო კატეგორიების სტატუსი, ხოლო ახალი დაცული ტერიტორიები კი შეიქმნა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. უახლოეს მომავალში კვლავაც არის დაგეგმილი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა, მაგ.: სამეგრელოს, ზემო სვანეთის მყინვარების, რაჭა-ლეჩხუმისა და სხვ.
ამჟამად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 600 597  ჰა-ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8%-ია. აქედან დაახლოებით 51% ტყით არის დაფარული, ხოლო დანარჩენი ფართობი კი წარმოდგენილია ალპური მდელოებით, სტეპებით, ჭაობებით, ტბებით, ნახევარ უდაბნოებით, ზღვის აკვატორიით და სხვ. აღნიშნული დაცული ტერიტორიების საერთო ფართობიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია დაახლოებით  387 800 ჰექტარი ტერიტორია,  რაც მთლიანად საქართველოს დაცული ტერიტორიების 64%-ს და მთლიანად საქართველოს ტერიტორიის 5,5% შეადგენს.
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში (IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით) 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, კერძოდ - 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. საქართველოში ამჟამად არ არის შექმნილი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. 
 
თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
6789101112
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?