ენერგია
ენერგია არის სიდიდე, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნებისმიერ ნაწილაკს, სხეულს ან სხეულების ერთობლიობას და წარმოადგენს მოძრაობის და ურთიერთქმედების რაოდენობრივ ზომას. ენერგიის სხვადასხვა ფორმა მოიცავს კინეტიკურ ენერიას, პოტენციურ ენერიას, სითბურ ენერგიას,  გრავიტაციულ  ენერგიას, დრეკადობის ენერგიას და სხვა. 
ენერგეტიკული რესურსები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ - განახლებადი და არაგანახლებადი. პირველს მიეკუთვნება წყალი, მზე, ქარი, ხოლო მეორეს - ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი. გამოყენების მიხედვით არსებობს ე.წ. ტრადიციული და არატრადიციული (ალტერნატიული) ენერგეტიკა. ტრადიციულს მიეკუთვნება: ჰიდრო, თბო და ატომური ენერგეტიკა, არატრადიციულს - ჰელიო (მზის), ეოლო (ქარის), გეოთერმული წყლების, ბიომასის ენერგეტიკა. ექსპერტული შეფასებით, საქართველოს გააჩნია შემდეგი ენერგორესურსები:
საქართველოს პოტენციური ჰიდრორესურსები შეადგენს 135.8 მლრდ. კვტ.სთ/წელიწადში, ტექნიკური პოტენციალი 81 მლრდ. კვტ.სთ/წელიწადში, ეკონომიკურად ხელსაყრელი კი - 32 მლრდ. კვტ.სთ/წელიწადში ქვანახშირის მარაგი განისაზღვრება 400 მლნ.ტონაზე მეტით 2000 წლის 1 იანვარის მდგომარეობით, საქართველოს სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიებზე ნავთობის პროგნოზული მარაგი შეადგენს 1381 მლნ.ტონას, ამოსაღები მარაგი - 525.0 მლნ. ტონას. საქართველოში ბუნებრივი გაზის პროგნოზული რესურსი ბოლო შეფასებით შეადგენს 180 მლრდ. მ3-ს; საქართველოს ტერიტორიაზე ყოველწლიურად მოდის მზის რადიაცია, რომელიც 108 მგვტ სიმძლავრის ეკვივალენტურია. ქარის ენერგიის ტექნიკური პოტენციალი შეადგენს 4.5 მლრდ. კვტ.სთ/წელიწადში; გეოთერმული წყლების პროგნოზირებული მარაგი (წყლის ტემპერატურა 90_1100C) შეადგენს 250.0 მლნ. მ3-ს. ბიომასის გადამუშავებით შეიძლება მივიღოთ 510 მგვტ სიმძლავრე. ასეთი ენერგეტიკული რესურსების პირობებში საქართველოსათვის პრიორიტეტულია ჰიდროენერგეტიკის, მათ შორის, მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარება

ჰიდროენერგეტიკა
საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველობა წყალსა და წყალთან დაკავშირებულ რესურსებს ეკუთვნის. საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, მყინვარები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები) მისი ფართის გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96,5 კმ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მლრდ კვტ.საათის ექვივალენტური.
საქართველოს მდინარეების სპეციფიურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ, ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით. თუმცა ეკოლოგიური თვალსაზრისით ასეთების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე.

მზის ენერგორესურსები 
დედამიწაზე მზე ენერგიის ამოუწურავი წყაროა. დღესდღეობით ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების მზარდი ტემპები ამ ენერგიების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა ვიდრე ეს წინა წლებში იყო შესაძლებელი. მზის ენერგოდანადგარების საშუალებით შესაძლებელია მზის ენერგიის თბურ ან ელექტრო ენერგიად გარდაქმნა, შესაბამისად, ასხვავებენ  მზის თერმულ დანადგარებს და  მზის ფოტოელემენტებს (მზის პანელებს). ამ დანადგარებიდან მიღებული თბური და ელექტროენერგიის გამოყენება შესაძლებელია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ენერგეტიკული მიზნებისათვის. დანადგარის ეფექტურობა დამოკიდებულია მზის გამოსხივებაზე (მუშა ზედაპირზე დაცემული სხივების დახრის კუთხესა და რაოდენობაზე) და დანადგარის მარგი ქმედების კოეფიციენტზე (მქკ)
საქართველოს ტერიტორიაზე ხელსაყრელი და ეკონომიკურად გამართლებულია მზის ენერგიის  გამოყენება,  ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მზის გამოსხივება არის მაღალი.  უმეტეს ტერიტორიაზე წელიწადში 250-280 მზიანი დღე, ანუ დაახლოებით 6000-6780 მზიანი საათია.  წლის მანძილზე მზის ენერგია, პირდაპირი გამოსხივება მზის სხივების მიმართ პერპენდიკულარულ 1  კვ.მ ზედაპირზე 1,300–2,500 კვტ.სთ ფარგლებშია, რაც აღემატება ევროპის საშუალო ანალოგს – წელიწადში 1,000 კვტ.სთ/მ2–ს. მაქსიმალური რადიაციაა მაღალმთიან ზონაში, დიდი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში. 

ქარის ენერგორესურსები 
ქარის ენერგია   არის მზის ენერგიის შედეგი, წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გაცხელების შედეგად. ყოველ საათს დედამიწა იღებს 100 000 000 000 000 კვტ/სთ მზის ენერგიას. მზის ენერგიის 1-2% გარდაიქმნება ქარის ენერგიად. ეს მაჩვენებელი 50-100-ჯერ აღემატება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გარდაქმნილია დედამიწის ყველა მცენარის მიერ ბიომასაში.
საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა წელიწადში 4000-5000 სთ შეადგენს. შერჩეულია ქარის ელექტროსადგურების განთავსების საუკეთესო ადგილები, რომლებიც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

მიუხედავად ამისა, დღევანდლადმე საქართველოში არ განხორციელებულა ქარის ელექტროსადგურის არც ერთი პროექტი. 
 
ივნისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?