კატასტროფები
არსებობს გაგება ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც გულისხმობს: 1) ბუნებრივ ანომალიას; 2) ატომური ელექტროსადგურის, ტანკერის და სხვ. ავარიას; 3) სასიცოცხლო გარემოში ანთროპოგენურ საზიანო ჩარევას.
მსოფლიოში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უმთავრესად კლიმატის ცვლილებებითაა გამოწვეული. გაეროს მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება, 200 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური დანაკარგები კი 100 მილიარდ დოლარს აღწევს. რაც შეეხებათ ეკომიგრანტებს, მათი რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტების და პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ადგილნაცვალი პირების რაოდენობა ერთად აღებული. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით კლიმატის ცვლილებების ფონზე 2050 წლისათვის ეკომიგრანტთა რაოდენობა 200 მილიონამდე გაიზრდება.
ბუნებრივ კატასტოფაში ჩვეულებრივ მოიაზრება ყველა იმ ტიპის ბუნებრივი მოვლენა, რომლის შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანთა ცხოვრების პირობებზე და საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, იწვევს ადამიანურ მსხვერპლს ან/და მატერიალურ ზარალს.
ბუნებრივი კატასტროფების კლასიფიკაცია ხდება შემდეგ ჯგუფებად:
  • ჰიდრომეტეოროლოგიური -  გვალვა, წყალდიდობა, სეტყვა, ტორნადო, ციკლონი, ქარიშხალი;
  • გეომორფოლოგიურ-გეოლოგიური - მიწისძვრა, ცუნამი, ვულკანი, ამოფრქვევა, მეწყერი, ზვავი, სანაპიროს ეროზია;
  • ეკოლოგიური - მცენარისა და ცხოველის დაავადება, მწერების შემოსევა, ტყის ხანძარი, პესტიციდიზაცია;
  • ტექნოლოგიური - შეიარაღებული კონფლიქტი, სატრანსპორტო კატასტროფები, ატომური/ქიმიური შემთხვევები, ნავთობის დაღვრა, წყლის/ჰაერის/ნიადაგის დაბინძურება;
  • გლობალურ-გარემოსდაცვითი - მჟავური წვიმები, ატმოსფეროს დაბინძურება, გლობალური დათბობა, ზღვის დონის აწევა, ოზონის ფენის შემცირება.
 ამდენად, კატასტროფა არ წარმოიქმნება მხოლოდ ბუნებრივი მოვლენისაგან, ხშირად ის ბუნებაზე ადამიანის ზეგავლენის შედეგია. კატასტროფები მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია ანთროპოგენური ფაქტორით, რაც მოსახლეობის მხრიდან გარემოსადმი გაუთვიცნობიერებელი დამოკიდებულებით არის განპირობებული. 
საქართველოს რთული რელიეფისა და სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქვეყანაში ბუნებრივი სტიქიური მოვლენები მასშტაბურია, მათი განმეორებადობა არის ხშირი, ხოლო საშიშროების რისკი - მაღალი. საქართველო ამ მოვლენებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების მასშტაბებით, მსოფლიოს მთიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გააქტიურების გამო, საქართველოში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგი და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის შესამჩნევი ზრდა შეინიშნება.
საქართველოში 1967-2012 წლებში ეკომიგრანტების სტატუსით გაყვანილია 60000-ზე მეტი ოჯახი. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნისადმი გეოლოგიური სტიქიით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 14 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი, დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 1995-2012 წლებში 107 ადამიანი.
რაც შეეხება სამრეწველო ავარიებს, საქართველოში დღეისათვის ფუნქციონირებს ათასობით სხვადასხვა დანიშნულების მქონე მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმო. მოქმედ საწარმოებში მომხდარ შესაძლო ავარიებს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლიათ გარემოსა და მოსახლეობისათვის. გარდა ამისა, არსებობს მრავალი გაჩერებული საწარმო, რომელიც, ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე უკონტროლოდ არის მიტოვებული. ბევრი მათგანი საწარმოო პროცესებში იყენებდა ნავთობპროდუქტსა და სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებას, რომელთა გარკვეული მარაგი ნარჩენების სახით, შენახვის ნორმების დაცვის გარეშე დარჩა საწარმოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, სხვადასხვა ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორების მოქმედების შედეგად იქმნება ამ საწარმოებიდან ავარიული დაბინძურების საშიშროება.
მოქმედი საწარმოებიდან განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია ნავთობპროდუქტების, ქიმიური, პლასმტმასის, მინერალური და საშენი მასალების, ასევე მეტალურგიული პროდუქტებისა და ლითონის მზა ნაკეთობების წარმოება და სამთო მრეწველობა. 
აგვისტო 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?