მწვანე საფარი
მწვანე საფარი 3 რამისგან იცავს ადამიანს: 1) ხმაურისგან, 2) შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, 3) ზოგადად, მწვანე ფერი ყველა ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.
დღეს დედამიწის 30 პროცენტს ტყის საფარი შეადგენს. National Geographic-ის მონაცემებით, ყოველწლიურად 80 ათასამდე კვადრატული მეტრი მწვანე საფარი ნადგურდება. ეს საქართველოზე 12 ათასი კვადრატული მეტრით დიდი ტერიტორიაა.
ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი  - ტყე. 1 
ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტონა  ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტონა ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქნის, ქერქისტოტებისფოთლისნაყოფისთესლისსოკოს) უმდიდრესი წყაროა.
ტყით საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 39,9%-ია (2,77 მლნ ჰა) დაფარული. აქედან, არსებული მონაცემებით, დაახლოებით 0,5 მლნ ჰა ე.წ. ხელუხლებელ ტყეებს, 2,2 მლნ ჰა სახეცვლილ ბუნებრივ ტყეებს, ხოლო 0,06 მლნ ჰა ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ტყეები არათანაბრად არის განაწილებული – ტყით მდიდარ რეგიონებთან ერთად არსებობენ მთელი რიგი მცირეტყიანი რეგიონებიც, სადაც რეგიონის საერთო ფართობთან მიმართებაში ტყით დაფარული ფართობის ხვედრითი წილი 10 პროცენტს არ აღემატება.
საქართველოს ტყეები (ტყის საფარი) დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის კლიმატური პირობების სხვაობით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მთის ტყეებსა და ალპურ ზონაშიც კი ფრაგმენტულად გვხვდება ნახევრადუდაბნოების ეკოსისტემებისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა.
საქართველოს ტყეები ძირითადად მერქნიანი მცენარეების შემდეგი სახეობებით არის წარმოდგენილი: ფოთლოვანი სახოებებიდან - წიფელი, რცხილა, მუხა, მურყანი, წაბლი, წიწვიანი სახეობებიდან – სოჭი, ნაძვი და ფიჭვი.
საქართველოს ტყეები ყველაზე მნიშვნელოვან ბიომს წარმოდგენს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით – ტყეები მოიცავს მრავალი ენდემური და რელიქტური მერქნიანი/ბალახოვანი სახეობის გავრცელების არეალსა და იშვიათი და გლობალური მასშტაბით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის სახეობის ჰაბიტატს.
საქართველოს ტყეები ამჟამად მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია.
საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდი ინსტიტუციური მართვის მიხედვით  იყოფა:
ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებად, რომლებიც მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებში არსებულ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიებს;
ბ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდად, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ტყის ფონდსაც.
სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები არიან:  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდს მართავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ მწვანე ნარგავებით დაკავებულ ტერიტორიებს (ყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია) მართავს ქალაქ თბილისის მერია.
საქართველოს ტყის ფონდის გარკვეულ ტერიტორიებს მართავენ კერძო სუბიექტები მათთვის მინიჭებული ტყითსარგებლობის გრძელვადიანი უფლების შესაბამისად.
საქართველოს ტყის ფონდის მცირე ნაწილი მიჩენის ფორმით საქართველოს საპატრიარქოს აქვს გადაცემული.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განეკუთვნება ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს, ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილის საშუალო სიხშირე კრიტიკულ ზღვრამდეა მიყვანილი. აღსანიშნავია, რომ კრიტიკულ ზღვარზე დაბალი სიხშირის მქონე ტყეებს მკვეთრად დაქვეითებული აქვთ დაცვითი ფუნქციების შესრულების უნარი და, ამასთან, მნიშვნელოვანწილად დაკარგული აქვთ თვითაღდგენა-თვითგანახლების უნარი, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ტყის ეკოსისტემების შეუქცევადი დეგრადაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. დღეისათვის საქართველოს ტყეებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს აგრეთვე არამდგრადი მეთოდებით განხორციელებული ტყითსარგებლობა, საქონლის გადაჭარბებული (უსისტემო) ძოვება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არასრულყოფილი სატყეო-სამეურნეო სისტემა.
მძიმე მდგომარეობაა შექმნილი თბილისშიც. 2010 წლის ოქტომბერში, სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული თბილისის და მისი შემოგარენის 8600 ჰექტარი ტყე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა და ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგი ასეთი ადგილი საერთოდ დაუსახლებელია, თბილისის ცენტრში კი მწვანე ნაწილი მაინც მცირეა, მსგავსი ინიციატივები ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობს ქალაქში რეალურად მაინც არ ზრდის. დედაქალაქის გენერალური გეგმის ბოლო მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების ამავე მაჩვენებელს - 13,0 კვადრატულ მეტრს, ისე საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ 10-15 მ2-ს.
თითო სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობის გაცილებით უფრო ეფექტური ურბანული ინდიკატორი, რომელიც დღეს მსოფლიოში მოქმედებს, ასეთია: ერთ ადამიანს საკუთარი სახლიდან ათი წუთის სავალზე უნდა ჰქონდეს მწვანე საფარი იმისთვის,  რომ დასაშვებ ნორმას აკმაყოფილებდეს.
იმის ფონზე, რომ ქვეყანაში იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი, რაც ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მწვანე საფარის შენარჩუნება.
აპრილი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?