წიაღისეული
სასარაგებლო წიაღისეული არის დედამიწის ქერქში არსებული არაორგანული და ორგანული მინერალური წარმონაქმნები და მოიპოვებენ სხვადასხვა გენეტური ტიპის სასარგებლო წიაღისეულის საბადოდან.
სასარგებლო წიაღისეულის საბადო არის დედამიწის ქერქში არსებული სასარგებლო წიაღისეულის დანაგროვი, რომლებიც სიდიდის, ხარისხისა და განლაგების პირობების მიხედვით შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სახალხო მეურნეობაში.
სასარგებლო წიაღისეულის საბადო, შესაძლებელია, გამოდიოდეს დედამიწის ზედაპირზე (ღია საბადო) ან დამარხული იყოს მის წიაღში (დახურული ანუ „ბრმა“ საბადო). წარმოქმნის პირობების მიხედვით განარჩევენ ენდოგენურ, ეგზოგენურ და მეტამორფოგენულ სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს.
ენდოგენური საბადოები ყალიბდება დედამიწის ქერქში ნივთიერების დიფერენციაციის და ლოკალიზაციის შედეგად, რაც განპირობებულია დედამიწის შიგა ენერგიით. ამ ტიპში გამოიყოფა საბადოთა შემდეგი ჯგუფები: მაგმური საბადოები, პეგმატიტური საბადოები, კარბონატიტები, სკარნები, პნევმატოლიზური  საბადოები და ჰიდროთერმული საბადოები.
ეგზოგენური საბადოები ყალიბდება დედამიწის ზედაპირზე ან ზედაპირთან ახლოს მინერალურ ნივთიერებათა ქიმიური, ბიოქიმიური და მექანიკური დაგროვების შედეგად, რაც განპირობებულია დედამიწის გარეგანი ენერგიით. საბადოთა ამ ტიპში გამოიყოფა: გამოფიტვის საბადოები და დანალექი საბადოები.
მეტამორფული საბადოები ყალიბდება ქანების და მინერალების რეგიონული ან ლოკალური მეტამორფიზმის შედეგად.
საყოველთაოდ ცნობილი საარგებლო წიაღისეულის სახეობებიდან, საქართველოში თითქმის ყველა გვხვდება. ისინი შეიძლება დაჯგუფდეს სამრეწველო-ეკონომიკური გამოყენების მიხედვით:
ნედლეული შავი მეტალურგიის (მანგანუმი), ფერადი მეტალურგიისა და ოქროს მომპოვებელი მრეწველობის განვითარებისათვის - მანგანუმი, სპილენძი, ოქრო, ვერცხლი, ტყვია, თუთია, დარიშხანი, სტიბიუმი, ბისმუთი, კადმიუმი, სელენი, ტელური, გერმანიუმი, ვერცხლისწყალი, ინდიუმი, გოგირდი. ცეცხლგამძლე თიხა, დოლომიტი, საფლუსე კირქვები, საყალიბე ქვიშები, ქალცედონი, სპონგოლიტი, ტორფი, გაჯი.
ნედლეული ქიმიური და კვების მრეწველობის, აგროქიმიური და სხვა დარგებისათვის - მჟავაგამძლე ანდეზიტი, ბარიტის მადნები, ბენტონიტური თიხები, დიატომიტი, კალციტი, მინერალური საღებავები, ტალკი, ცეოლითი.
ნედლეული სამშენებლო ინდუსტრიისათვის - ცემენტის ნედლეული, გაჯი, თიხები, მოსაპირკეთებელი მასალები, ჩამოსასხმელი ბაზალტი და სხვა.
ნედლეული კერამიკის წარმოებისათვის - კაოლინი, კერამიკული თიხები, რიოლითები, ტრაქიტები, პეგმატიტები.
ნედლეული საიუველირო და სანაკეთო წარმოებისათვის - აქატი, მარმარილოს ონიქსი, გიშერი, ფერადი ობსიდიანი, იასპისი, დეკორატიული დოლერიტი, სხივისებური ლამპროფირი.
ნედლეული მინის და მინის ტარის მისაღებად - მინდვრისშპატიანი ქვიშები.
სასმელი დანიშნულების მტკნარი მიწისქვეშა წყლები - გავრცელებულია როგორც ულტრამტკნარი, ასევე მტკნარი მიწისქვეშა წყლების ტიპები. საქართველოს პერსპექტიული მოთხოვნილება ამ რესურსზე შეადგენს მთელი გამოვლენილი მოცულობის მხოლოდ 40%.
სასმელი და სამკურნალო დანიშნულების მინერალური წყლები - აღნიშნული წყლების გამოყენების სფერო ძალიან ფართოა როგორც საგემოვმო, ისე სამკურნალოდ მათი გამოყენების პერსპექტივის განსაკუთრებული მრავალფეროვნების გამო.
თერმული წყლები - გამოიყენება როგორც სამკურნალო-საყოფაცხოვრებო, ისე ენერგეტიკული დანიშნულებით მოხმარებისათვის. თერმული წყლების ჯამური საბალანსო ენერგეტიკული პოტენციალი 300 მეგავატს აჭარბებს.
საქართველოში არსებული წიაღისეული რესურსების უმეტესობა კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზარზე. მინერალური რესურსების მოპოვება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათმა მოპოვებამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს გარემოს და გამოიწვიოს მისი დეგრადაცია არსებული სამთომოპოვებითი სამუშაოების არამდგრადი პრაქტიკის გამო. განსაკუთრებით საყურადღებოა მიტოვებული საბადოები.
მიტოვებული საბადოები იწვევს მრავალ გარემოსდაცვით პრობლემას, რადგან ამ საბადოებიდან ჩამოჟონილი ქიმიური ნივთიერებები (მაგალითად, დარიშხანი და ვერცხლისწყალი) აბინძურებენ ნიადაგსა და (მიწისქვეშა) წყლებს. ამ დამაბინძურებლებმა შეიძლება პირდაპირი ზიანი მიაყენონ ახლომდებარე დასახლებებსა და მდინარეთა ქვედა დინების აუზში მცხოვრებ ადამიანთა ჯანმრთელობას, წყლის მომხმარებლებსა და ახლომდებარე თემებს. ხშირ შემთხვევაში ეს ადგილები საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებასა და სხვა ბუნებრივ რესურსებსაც. 
დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?