გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად კამპანია #სუფთადევროპისკენ ფარგლებში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.
დასუფთავების მასშტაბური აქცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების 200 - მდე თანამშრომელთან ერთად მიიღეს.
24.04.2017
ევროკავშირის წყლის რეგიონული პროექტი აცხადებს ტენდერს ეროვნულ წარმომადგენელზე. ტენდერის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე. 




 
24.04.2017
დედამიწის წარმოშობა, განვითარება, დედამიწის ბინადრების წარმოშობა, მათი გადაშენება, ადამიანების განვითარების პერიოდები - ეს ის საკითხებია, რომლებიც ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მოხალისე ლექტორი“ ფარგლებში გამართულ ლექციაზე „დედამიწის გეოლოგიური ასაკი“ მოისმინეს.
აღნიშნული ლექციის მოხალისე ლექტორი გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ია კუსრაშვილი იყო.
„მოხალისე ლექტორი“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტია. ცენტრი ყველა დაინტერესებულ მოსწავლესა და მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, მოისმინონ სამინისტროს სხვადასხვა უწყების თანამშრომლების ლექციები გარემოსდაცვით თემებზე.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და თემების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
21.04.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში“ მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს.
კურსის მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის, სალიცენზიო პირობების, რადიაციული მონიტორინგის განხორციელებისა და აღნიშნულ სფეროში სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
2 დღიანი ინტენსიური სწავლების შემდეგ კურსის მონაწილეებმა შესაბამისი ტესტირება გაიარეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსის მიზანია რადიაციული უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირთა და მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ბირთვული და რადიაციული კანონმდებლობის გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა.
21.04.2017
დედამიწის დღის აღსანიშნავად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე - „ფრინველებზე დაკვირვება“ (Birdwatching).
მოსწავლეებმა ბაღის ფრინველების შესახებ საინტერესო და სახალისო ინფორმაცია მიიღეს. ლექციის ბოლოს კი ვაკის პარკში ფრინველებს დააკვირდნენ.
აღნიშნული ლექციას არასამთავრობო ორგანიზაციის SABUKO - Society for Nature Conservation წარმომადგენელი დაჩი შოშიტაიშვილი უძღვებოდა.
ფრინველებზე დაკვირვება მრავალი ქვეყნის ეკონომიკისათვის დღესაც საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა. Birdwatching-ისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, როდესაც გადამფრენი ფრინველების მიგრირება იწყება. ფრინველებზე დაკვირვება განსაკუთრებით პოპულარული დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშია. ფრინველებზე დაკვირვების, როგორც ტურისტული ატრაქციონის, განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს საქართველოშიც, რადგან ჩვენი ქვეყანაზე გადის მტაცებელ ფრინველთა ყველაზე ვიწრო დერეფანი, რომელიც ამავდროულად გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებითა და ფრინველთა მრავალრიცხოვნობით.
21.04.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მოხალისე ლექტორი“ ფარგლებში ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიებზე, მათ მსოფლიო მნიშვნელობაზე, კატეგორიებზე, ლაშქრობასა და უსაფრთხოების წესების შესახებ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს.
ლექციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი ნატო სულთანიშვილი უძღვებოდა. 
„მოხალისე ლექტორი“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტია. ცენტრი ყველა დაინტერესებულ მოსწავლესა და მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, მოისმინონ სამინისტროს სხვადასხვა უწყების თანამშრომლების ლექციები გარემოსდაცვით თემებზე. 
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და თემების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
20.04.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში“ გრძელდება. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
● საკანონმდებლო ბაზის ზოგადი მიმოხილვა, მარეგულირებელი ორგანოს როლი რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების საკითხებში;
● ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები;
● ელექტრონული სისტემა (ლიცენზიის აღება, გაუქმება, ცვლილების შეტანა; ნებართვის გაცემა; ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება);
● რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები;
● დაგეგმილი დასხივების სიტუაცია, პერსონალის, პაციენტის და მოსახლეობის დაცვა (სამედიცინო სფეროში);
● დასხივების ავარიული სიტუაციები (სამედიცინო სფეროში);
● სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნები;
● სამედიცინო დასხივების სპეციფიკური საკითხები (ზოგადი რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მობილური/გადასატანი დანადგარები, დენტალური რენდგენოდანადგარები);
● ინდივიდუალური და სამუშაო ადგილების მონიტორინგის განხორციელება. კურსის მიზანია რადიაციული უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირთა და მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ბირთვული და რადიაციული კანონმდებლობის გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა.
20.04.2017
 2017 წლის 18 აპრილს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაივლიან ტრენინგ-კურსებს და მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მიერ დაგეგმილ კონფერენციებსა და კონკურსებში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
19.04.2017
 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის ვერცხლიწყლის თემაზე ესეების კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან გამოვლინდა 10 გამარჯვებული, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას დაესწრნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, ია პაპიაშვილი, პროექტის „მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ ეროვნული დირექტორი, ირმა გურგულიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ივანე წიკლაური და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბუაჩიძე.
გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლის თემატიკით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით ხორციელდება.
კამპანიის მიზანია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა.
19.04.2017
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან პატრულირებას განახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები. დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში სანქცია იქნება მკაცრი.
ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სანქციებს - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
1. 2 კგ- მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. 1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. 
ეს მარტივია! იზრუნე გარემოზე!
13.04.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბავშვებისა და ძაღლების ჰარმონიული თანაცხოვრების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ლექციას ცხოველთა უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი, თინათინ ჭავჭანიძე უძღვებოდა. შეხვედრაზე ბავშვებმა ძაღლების მიმართ ჰუმანურად მოქცევის წესების, მათ მიმართ შიშის დაძლევის ხერხების, ძაღლების უფლებებისა და ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მოსწავლეებმა როლური თამაშებიც ითამაშეს და მიღებული ინფორმაცია უკეთ გაითავისეს. ლექციის დასასრულს ბავშვებს საჩუქრად ძაღლების მოვლისა და მათთან სწორი მოქცევის წესების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ. შეხვედრა პროექტის „ბავშვებისა და ძაღლების ჰარმონიული თანაცხოვრების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.
12.04.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ინერგება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა და დამხმარე სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ ავტორებმა - ია პაპიაშვილმა, ნათია სარალიძემ, ნათია ჯავახიშვილმა და მაია გოგიბერიძემ ქ. თელავის 9 და თელავის მუნიციპალიტეტის 21 საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ:
• 2015 წელს სკოლამდელი განათლების სტანდარტში შევიდა ცვლილება და აისახა გარემოსდაცვითი კომპონენტი;
• 2016 წელს შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“;
• 2016 წლის სექტემბრიდან ახალი სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ - ოფიციალურად დაინერგა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში;
• 2016 წელს ახალი სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გადამზადდა ქ. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის (160-მდე) მეთოდისტი და აღმზრდელი.
„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება.
10.04.2017
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 1-12 (of 308)

Latest news