გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პოსტერების კონკურსში ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და მიწის მდგრადი მართვის პერსპექტივები საქართველოში’’.
 
გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია დედამიწის ზედაპირის ერთ მესამედს ემუქრება, რაც 1 მილიარდზე მეტ ადამიანს ტოვებს შემოსავლის წყაროს და საცხოვრებელი პირობების გარეშე.
 
საქართველოსათვის გაუდაბნოება და მიწის დეგრადაცია არა მარტო ეკოლოგიური, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაცაა. გადაჭარბებული ძოვება, ტყის ფართობების შემცირება, არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და ტერიტორიების არარაციონალური ათვისება ურბანული განვითარების მიზნით მიწის დეგრადაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია.

გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში ჩართვა არის უნიკალური შესაძლებლობა, შევახსენოთ ყველას, რომ გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელი, მისი აღმოფხვრა კი მიღწევადია.  მთავარი გზა ამ მიზნამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ჩართულობისა  და თანამშრომლობის გაძლიერებაა ყველა დონეზე. 
 
შექმენი შენი უნიკალური პოსტერი, გამოგვიგზავნე და გაგვიზიარე შენი ხედვები გაუდაბნოებასა და მიწის დეგრადაციასთან საბრძოლველად.
 
პოსტერში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც:
  • დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით
  • აცნობიერებს საქართველოში მიწის დეგრადაციისა და გაუდაბნოების პრობლემის სიმწვავეს.
  • ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი განსხვავებული ხედვებისა და გზების შემოთავაზება ამ პრობლემების გადასაჭრელად.
 
პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • A1 ფორმატი (59.4სმ x 84.1სმ) ან უფრო დიდი (ელექტრონული ვერსია, PDF ფორმატში)
  • პოსტერში გამოყენებული სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს.
  • პოსტერი არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ტექსტს და გაფორმებული უნდა იყოს თემასთან დაკავშირებული ფოტოებით, ცხრილებით, დიაგრამებით, რუკებით ან/და სხვა საშუალებებით ვიზუალური თვალსაჩინოებისთვის.
  • პოსტერის თემატიკა უნდა ეხებოდეს გაუდაბნოებისა და მიწის მდგრადი მართვის საკითხებს საქართველოში.

პოსტერისთვის შერჩეული თემატიკა შეიძლება ეხებოდეს ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთს:
  • პოლიტიკური, მარეგულირებელი და ინსტიტუციური რეფორმები
  • მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის სარგებლის წარმოჩენა
  • ცოდნის გაღრმავება მიწის მდგრადი მართვის პრინციპებისა და ადგილობრივ დონეზე მისი მნიშვნელობის შესახებ

პოსტერში განხილული პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა  იყოს წარმოდგენილი ავტორის რეკომენდაციები/რჩევები მიზნის მისაღწევად.

პოსტერი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრებები შესაბამისი არგუმენტაციით.

ავტორი პოსტერში განხილული პრობლემის მასშტაბის და ადგილმდებარეობის არჩევასა და თემატიკის კონკრეტიზაციაში მთლიანად თავისუფალია (შესაძლებელია განხილული იყოს ერთი სოფლის, რეგიონის ან მთლიანად ქვეყნის პრობლემა და გაუდაბნოებასთან/მიწის მართვასთან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული საკითხი).

მონაწილეებმა პოსტერები უნდა გამოგვიგზავნონ 17 ივნისის ჩათვლით (ელექტრონულად, PDF ფორმატში) ელექტრონულ მისამართზე: info@eiec.gov.ge 

10 საუკეთესო პოსტერის ავტორისთვის გაიმართება ლექცია-სემინარი საქართველოში გაუდაბნოებისა და მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე. ამავე ღონისძიებაზე მოეწყობა პოსტერების გამოფენა და გამოვლინდება 3 საუკეთესო პოსტერი, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებით!

რეკომენდირებული პროგრამები პოსტერზე სამუშაოდ:
  • Microsoft Publisher
  • Canvas
  •  
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ირინე ქუთათელაძე, ელ-ფოსტა:  irine.kutateladze@eiec.gov.ge  ან ტელ: 577966098

გისურვებთ წარმატებებს!
31.05.2019

პროექტის EUWI+ (ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის) ფარგლებში, სიღნაღის, საგარეჯოს, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში , საჯარო დიალოგის ფორმატში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები განიხილეს.
 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EUWI+ პროექტის მხარდაჭერით,  ხრამი-დებედასა და ალაზანი-იორის მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო.

საჯარო დიალოგის ფორმატში, ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება, რათა მათი პოზიცია სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს იქნას გათვალისწინებული. აღნიშნული შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის პროცესის ახალ რეფორმაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მეტი ჩართულობის მნიშვნელობისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრას.
 

შეხვედრას ესწრებოდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" პროექტის ფარგლებში, სიღნაღის, საგარეჯოს, ბოლნისისა და თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
29.05.2019

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” გაიმართა, რომელიც ცოდნის გაზიარებასა და მის მნიშვნელობას ეძღვნებოდა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოსულ მოქალაქეებს, ტურისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსთაველის გამზირზე უმასპინძლა, სადაც სამინისტროს “მწვანე სივრცე” იყო განთავსებული.

მწვანე სივრცის ძირითადი კონცეფცია დაფუძნებული იყო გარემოსდაცვითი განათლების, ცოდნის გაზიარების პრინციპზე. ინსპირაცია კი 1977 წლის მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელმაც თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია. თბილისში გარემოსდაცვითი განათლების შესახებ პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია ჩატარდა და საქართველოს დედაქალაქს მსოფლიოს და იუნესკოს წევრი ქვეყნების 500 წარმომადგენელი ეწვია. კონფერენციის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს თბილისის დეკლარაცია, რომელიც დღემდე განსაზღვრავს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებებს და აღნიშნული სფეროს საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს. თბილისის დეკლარაცია, ადამიანის უფლებების დეკლარაციასთან ერთად, გარემოსდაცვითი განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი დოკუმენტია.

მწვანე სივრცეში წარმოდგენილი იყო გეომეტრიული ფიგურებისგან აწყობილი საგამოფენო კონსტრუქციები და ინსტალაციები, რომლებმაც გააერთიანეს შემეცნებით, საინფორმაციო და გასართობი სივრცეები. ასევე გარემოს დაცვის სივრცეში მოსულ სტუმრებს საშუალება ქონდათ, გაცნობოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომითა და ცოდნით ქმნიან მომავალს.

სპეციალურად მოწყობილ "მწვანე ოთახში" ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო საგანმანათლებო და გარემოსდაცვით აქტივობებში, თამაშებსა და ვიქტორინებში, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ატარებდნენ.

მწვანე სივრცეში წარმოდგენილი იყო ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 7 დაცულ ტერიტორიაზე - ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სივრცეში 17:10 საათზე (დრო, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა) სმენადაქვეითებული მუსიკოსებისგან შემდგარმა გუნდმა ჟესტების ენაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

 
27.05.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “დებატების: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და პროექტის მონაწილეებს გარემოსდაცვითი საკითხებისადმი დიდი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ბიომრავალფეროვნების დღის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ბიომრავალფეროვნების დაცვის აქტივობებში უფრო მეტი მოტივირებული ახალგაზრდა ჩაერთვება.

დებატებში სააპლიკაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეული სხვადასხვა სკოლის 12 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც დასკვნით ღონისძიებამდე თეორიული და პრაქტიკული სწავლება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიარეს.

მონაწილეებმა კრწანისის ტყე-პარკის განვითარების სამი განსხვავებული მოდელი წარმოადგინეს და საკუთარი მოსაზრება თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად მიღებული ცოდნით და მოძიებული არგუმენტებით გაამყარეს.

გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე კვალიფიციური პირებისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრების გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომელმაც კრწანისის ტყე-პარკის განვითარების რეკრეაციული მიმართულება წარმოადგინა.

პროექტის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისგან და პარტნიორი ორგანიზაციებისგან სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

23.05.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით ტრენინგი გაიმართა. მონაწილეებს ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა მიმართეს.  ტრენინგი მიზნად ისახავს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას. პირველ ეტაპზე აღმოსავლეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებების თანამშრომლები გადამზადდნენ.

 

ტრენინგები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში და მოიცავს როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ, ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციას და პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში გადამზადდება 150 თანამშრომელი.

 

ტრენინგებს ახორციელებს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

 
22.05.2019

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ”დებატები - ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” სააპლიკაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეულია პროექტის 12 მონაწილე.

დასკვნით ღონსიძიებამდე პროექტის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა თემატური ტრენინგი ჩაუტარეს, როგორც ეკოსისტემური სერვისების, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ. პროექტში მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა: “მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ორასამდე კანდიდატს შორის, სწორედ თქვენ შეგარჩიეთ პროექტისათვის - “დებატები: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა.” დებატებამდე საკითხის უკეთ გასაცნობად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლები ჩაგიტარებთ ტრენინგებს. ვფიქრობ, მიღებულ ცოდნასა და უნარებს ეფექტურად გამოიყენებთ არამარტო კონკურსში გამარჯვებისთვის, არამედ მომავალშიც”.

პროექტის მონაწილეებს დებატების ხელოვნების შესახებ მასტერკლასი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა ჩაუტარა. პროექტის 12 მონაწილეს დაურიგდა დებატებისთვის საჭირო თეორიული მასალა.

პროექტის ფარგლებში გამართული სწავლება ორდღიანია და თეორიულთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი დავალების მიხედვით ჯგუფებად დაყოფილი მონაწილეები მენტორებთან ერთად განიხილავენ კრწანისის ტყე-პარკის განვითარების სამ განსხვავებულ ვარიანტს.

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეს კი გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, სადაც ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ხედვასა და პოზიციის გასამყარებელ არგუმენტებს. დებატების გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

 
20.05.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ  ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოშობა და მისი გარემოსდაცვითი ასპექტები. გაეცნენ ეკოსისტემურ სერვისებს, მისიის შეფასების მეთოდებს და ასევე მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ჯგუფური სამუშაო შეასრულეს და ეკოსისტემური სერვისების მდგრადი გამოყენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ლექციის დასასრულს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით ვიქტორინაში. ვიქტორინის გამარჯვებული გუნდი კი სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდა.
 

შეხვედრა პროექტის - “ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში”- ფარგლებში გაიმართა, რომელსაც  ,,სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი“, ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ ერთად სამცხე-ჯავახეთის მხარეში ხორციელდება.
18.05.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგოებისთვის ტრენინგი გამართეს.  

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის მხარეებში და ახალქალაქში გამართული ტრენინგით სახელმძღვანელოს დანერგვის პროცესი სამცხე-ჯავახეთშიც დასრულდა.

 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 
17.05.2019

პროექტის EUWI+ (ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის) ფარგლებში, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, საჯარო დიალოგის ფორმატში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EUWI+ პროექტის მხარდაჭერით,  ხრამი-დებედასა და ალაზანი-იორის მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო.

საჯარო დიალოგის ფორმატში, ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება, რათა მათი პოზიცია სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს იქნას გათვალისწინებული. აღნიშნული შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის პროცესის ახალ რეფორმაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მეტი ჩართულობის მნიშვნელობისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრას.

შეხვედრას ესწრებოდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ენერგო-პრო ჯორჯიას რეგიონული სერვის ცენტრების წარმომადგენლები, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" პროექტის გუნდი, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 
16.05.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად გარემოსდაცვითი ცენტრის თანამშრომლებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრნენ. როგორც თამარ ალადაშვილმა აღნიშნა, სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელო 2019 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ცენტრი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას სხვა აქტივობებითაც განაგრძობს.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.


სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის სამცხე-ჯავახეთის მხარეებში და ქუთაისის ტრენინგით სახელმძღვანელოს დანერგვა იმერეთშიც დასრულდა.
10.05.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა  რიყის პარკში ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

 

ცენტრის წარმომადგენლები დაინტერესებულ საზოგადოებას ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრნენ და სახალისო ექსპერიმენტის საშუალებით თავად შეამცირეს წარმოქმნილი ნარჩენი.

 

მწვანე სივრცეში, რომელიც ევროპის დღის ფარგლებში მოეწყო, გარემოს დაცვისა და ნარჩენების თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.

08.05.2019

,,ევროკავშირი საქართველოსთვის’’, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში’’ მოეწყო ფართომასშტაბიანი საჯარო ფორუმი ,,გარემოს ქმნი შენ/Talking Environment’’, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნებოდა.

 

ფორუმზე  დასწრება ნებისმიერი პირისათვის თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობა 400-მდე ადამიანმა მიიღო, რომელთა შორისაც იყვნენ სტუდენტები, ექსპერტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

 

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი,  გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტები და ნარჩენების მართვის პოლიტიკაში ჩართული პირები. მომხსენებლებმა ისაუბრეს ნარჩენებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე, ქვეყნის ნარჩენების მართვის პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე,  ამ მიმართულებით ევროკავშირის სახელმწიფოების გამოცდილებაზე და ნარჩენებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. ფორუმი დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა და ნებისმეირ დამსწრეს შეეძლო საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ან კითხვის დასმა. მონაწილეებს ასევე დაურიგდათ სპეციალური საჩუქრები, მათ შორის ნაჭრის ჩანთები და მაისურები.

 

სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დამსწრე საზოგადოებას უჩვენა ვიდეო-რგოლი საკუთარი მონაწილეობით, რითაც საფუძველი დაუდო ახალ სოციალურ მედია-კამპანიას „ნარჩენების შემცირების გამოწვევა“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ნარჩენების შემცირების, მისი ხელახალი გამოყენების პოპულარიზაციასა და წახალისებას. ელჩმა კამპანიაში მონაწილეობისთვის გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და მოუწოდა მათ, საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება.

 
07.05.2019
 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 
Displaying results 169-180 (of 680)

Latest news