მედია   სიახლეები   ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა
23.10.2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე. 
 
კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.  2018 წელს ჩატარებული  საჯარო განხილვის შემდგომ წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები,  შეძლებისდაგვარად, აისახა კანონპროექტში. 
 
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით.
 
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის კონკრეტული მიზნებია უზრუნველყოს:
ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება;
ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით;
ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს;
გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.
 
დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული პროექტის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების  წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2019 წლის 8 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

Teona.karchava@mepa.gov.ge და Mariam.sulkhanishvili@mepa.gov.ge.

საჯარო განხილვა გაიმართება 2019 წლის 18 ნოემბრის კვირაში. განხილვის თარიღი, დრო და ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით.

საქართველოს კანონი ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ

Latest news