მედია   სიახლეები   გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენა
02.05.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენი წარადგინა. პრემიერის ინიციატივით გარემოსდაცვითი უფლებების და ინტერესების დასაცავად ახალი ინსტიტუტი შეიქმნა, რომელსაც დევიდ მორისონი უხელმძღვანელებს.

 

ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი საბჭო, სადაც მოხდება ცალკეული აქტუალური გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ომბუდსმენის უფლებები განმარტა და აღნიშნა, რომ „მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით, სწორედ გარემოსდაცვითი ომბუდსმენი იქნება ერთგვარი შუა რგოლი მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობაში.

 

ომბუდსმენი მნიშვნელოვან საკითხებზე მოამზადებს რეკომენდაციებს, მათ შორის შესაძლებლობა ექნება შეიმუშავოს კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე რეკომენდაციები, მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში, გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს. ასევე გარემოსდაცვით კანონმდებლობის სრულყოფაში იქნება აქტიურად ჩართული.
 

გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი არსებობს არა ერთ განვითარებულ ქვეყნებში, უნგრეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში. ამ ინსტიტუტის დანერგვაზე აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები.

ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
 

დევიდ მორისონი, რომელიც მრავალწლიან სამართლებრივ და ფინანსურ საქმიანობას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეწეოდა, 2008 წლიდან  საქართველოში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში.

 

2008 -2016 წლებში დევიდ მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF) და სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებმაც სარგებელი მოუტანეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას უფრო კონკრეტულად კი დაცულ ტერიტორიებსა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე მომუშავე ადამიანებს.

 

CNF-ის ფინანსური მხარდაჭერით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის პროექტები (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი), რომლის ფარგლებშიც განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები. მას შემდეგ, რაც დევიდ მორისონი თავად გახდა მომსწრე დაცულ ტერიტორიებზე მომხდარი არაერთი ტრაგიკულ მოვლენისა, რომელიც რამდენჯერმე მსხვერპლით დასრულდა, განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რასაც დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა ჰქვია.

 

გარდა ამისა, დევიდ მორისონის ხელშეწყობით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა 5 დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, დასაქმებულთა შესაძლებლობების გაძლიერება და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.


იხ.გალერეა

Latest news