მედია   სიახლეები   გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
17.06.2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები გაიმართა. მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ადგილობრივი მოსახლეობამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს ინფორმაცია გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის საკითხებზე, ამ კუთხით, საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და გამოწვევებზე.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა: სოლომონ პავლიაშვილმა და ნინო თანდილაშვილმა, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა სოფიკო ახობაძემ, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს მიწის დეგრადაციის პრობლემებზე, მნიშვნელობაზე, მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე, ჩატარებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, ასევე გაუდაბნოების საკითხის შესახებ როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მონაწილეებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოინახულეს პროექტის “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ ფარგლებში გაშენებული 6 ჰექტარამდე ქარსაფარი ზოლი, რომელიც დაიცავს 650 ჰექტარამდე ტერიტორიას და ისარგებლებს 100-მდე ფერმერი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, არასამთავრობოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოსწავლეებისა და მოსახლეობის ჩართულობით გამხმარი ხეები ჩანაცვლდა ახალი ნერგებით. აღნიშნულის პარალელურად, დარგის სპეციალისტმა ამირან კოდიაშვილმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობასთან, აუცილებლობასთან და მოვლის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, მონაწილეებმა მოინახულეს თესლბრუნვისა და მიწის ნაყოფიერების გასაზრდელად დანერგილი წიწიბურასა ნაკვეთები და მიიღეს ინფორმაცია ნიადაგისთვის თესლმონაცვლეობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული პრაქტიკა ხელს შეუწყობს ფერმერებს, რომ თავიანთი საქმიანობა წარმართონ გონივრულად.

აღნიშნული აქტივობის პარალელურად, ადგილობრივ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კონკურსში "ჩემი თვალით დანახული გარემო" მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებმა ნახატებით გადმოსცეს მათი თვალით დანახული მიწის დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხები. გარემოსდაცვითი ინფორმაციიისა და განათლების ცენტრის მიერ კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიის შემცირებას, სახნავ-სათესი მიწების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებებასა და ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას. ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტს სამინისტრო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორცილებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც გაეროს გაუდაბნოების ბრძოლის შესახებ კონვენციის მხარე ქვეყანას წარმოადგენენ.


იხილეთ გალერეა

Latest news