მედია   სიახლეები   ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” მონაწილეები შერჩეულია
20.05.2019

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ”დებატები - ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” სააპლიკაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეულია პროექტის 12 მონაწილე.

დასკვნით ღონსიძიებამდე პროექტის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა თემატური ტრენინგი ჩაუტარეს, როგორც ეკოსისტემური სერვისების, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ. პროექტში მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა: “მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ორასამდე კანდიდატს შორის, სწორედ თქვენ შეგარჩიეთ პროექტისათვის - “დებატები: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა.” დებატებამდე საკითხის უკეთ გასაცნობად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლები ჩაგიტარებთ ტრენინგებს. ვფიქრობ, მიღებულ ცოდნასა და უნარებს ეფექტურად გამოიყენებთ არამარტო კონკურსში გამარჯვებისთვის, არამედ მომავალშიც”.

პროექტის მონაწილეებს დებატების ხელოვნების შესახებ მასტერკლასი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა ჩაუტარა. პროექტის 12 მონაწილეს დაურიგდა დებატებისთვის საჭირო თეორიული მასალა.

პროექტის ფარგლებში გამართული სწავლება ორდღიანია და თეორიულთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი დავალების მიხედვით ჯგუფებად დაყოფილი მონაწილეები მენტორებთან ერთად განიხილავენ კრწანისის ტყე-პარკის განვითარების სამ განსხვავებულ ვარიანტს.

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეს კი გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, სადაც ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ხედვასა და პოზიციის გასამყარებელ არგუმენტებს. დებატების გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

 

იხ.გალერეა

Latest news