მედია   სიახლეები   კახეთის მხარეში 516 მასწავლებელი გადაამზადა
29.11.2021

პროგრამის „გარემოსადცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში,   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, კახეთის მხარეში 516 მასწავლებელი გადაამზადა.  

ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა მასწავლებლებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები „გარემოსადცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადასცა.

„მადლობას გიხდით გადამზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, ჩვენ მომავალ თაობას სასკოლო სივრცეში ასწავლოთ გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს სწორი გარემოსდაცვითი ღირებულებებისა და აგრარული ცნობიერების განვითარებას”, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა მასწავლებლებთან გამართულ შეხევდრაზე, რომელიც ქ.თელავში ჩატარდა.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი გრძელდება. პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს.  პროგრამის ფარგლებში, პედაგოგების შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული სახელმძღვანელოს გამოყენებით გაძლიერდება, ხოლო  მოსწავლეები ბაზისურ ცოდნას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი. სახელმძღვანელო სრულ თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნებთან.

Latest news