მედია   სიახლეები   კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება
24.08.2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლებისა და განათლების თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

პროგრამის საერთაშორისო ექსპერტმა, რუთ სობრინო გომესმა დაინტერესებულ მხარეებს კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგია წარუდგინა. განათლების ექსპერტმა, რუსუდან თევზაძემ კი, ჯგუფის წევრებს საგანმანათლებლო მასალები გააცნო, რომლებიც განკუთვნილია სკოლამდელი აღზრდის, დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ეკოკლუბებისათვის.

შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ბუნებრივი საფრთხეების კატასტროფების მართვის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

მასალების გაცნობის შემდეგ, მონაწილეებმა იმსჯელეს მათი გამოყენების სხვადასხვა მეთოდსა და მიდგომებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შვიდ საფრთხეზე, რომელსაც პროგრამა მოიცავს, კერძოდ, გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ხანძარი და ძლიერი ქარი.

პროგრამა „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.


იხ.დანართი

Latest news