მედია   სიახლეები   კონკურსის ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ გამარჯვებულების დაჯილდოება
22.06.2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩანახატების კონკურსი ,,ბიომრავალფეროვნების როლი ჩვენს ცხოვრებაში” და გრაფიკული პოსტერების კონკურსი სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვა.
შერჩეული საუკეთესო პოსტერების და ჩანახატების ავტორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კაცობრიობის ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური განვითარებისა, ადამიანები სრულად არიან დამოკიდებულნი ბიომრავალფეროვნებაზე.
კონკურსანტებმა ღონისძიებაზე თავად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და ბუნებასთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე. მონაწილეების მიერ 100-მდე საკონკურსო საინტერესო და ორიგინალური ჩანახატი და პოსტერი იქნა წარმოდგენილი. მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი წვლილი შეეტანათ 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.
ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის ყველა მონაწილეს ელექტრონული სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო ჟიურის მიერ გამოვლენილ სამი საუკეთესო პოსტერისა და ჩანახატის ავტორი სერთიფიკატთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.

იხ.გალერეა

Latest news