მედია   სიახლეები   საჯარო განხილვა
19.11.2019

გაცნობებთ, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 27 ნოემბერს 15:00 საათზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მისამართი: მარშალ გელოვანის #6).

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის კონკრეტული მიზნებია უზრუნველყოს:
ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება;
ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით;
ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს;
გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.

  გთხოვთ, საჯარო განხილვაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაგვიდასტუროთ დასწრება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 ნოემბრისა.


Latest news