მედია   სიახლეები   “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” რუსთავში
17.11.2018

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დასანერგად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს. 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ. 

ცენტრის დირექტორმა გარემოს დაცვის სფეროში მომავალი თაობების სწორი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვით აქტივობებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. 

როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, ერთ სახელმძღვანელოში თავმოყრილი გარემოსდაცვითი აქტივობები მათ გაცილებით გაუადვილებთ სწავლების პროცესს და მაქსიმალურად შეეცდებიან ტრენინგზე მიღებული ინფორმაციისა და მიწოდებული მასალის საკუთარ აღსაზრდელებთან გამოყენებას. 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთისა და გურიის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

იხ. გალერეა

Latest news