მედია   სიახლეები   „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” კონკურსის გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები და პრიზები
10.08.2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქ.რუსთავში არსებული სკოლებისთვის იდეების კონკურსი „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” ჩატარდა.

კონკურსის მიზანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სასკოლო გარემოსდაცვით პროექტებში მასწვლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის წახალისება იყო. კონკურსის შედეგად, 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლებიც, მიმდინარე წლის ბოლომდე, სკოლის ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად, სხვადსხვა ღონისძიებას განახორციელებენ.

რუსთავის მე-7, მე-9 და 21-ე სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ხელს შეუწყობენ ეკოკლუბების დაარსებას, ველოსიპედით გადაადგილების პოპულარიზაციას; ჩაატარებენ ჰაერის ხარისხის შესახებ ცნობიერების დონის კვლევას, ასევე, მოსწავლეების სამეცნიერო პიკნიკებს, ღია გაკვეთილებს გარემოსდაცვით საკითხებზე, გამწვანების ღონისძიებებს და მათი მოვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, ქ. რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელი, UNDP-ის „მმართველობის რეფორმის ფონდის” გარემოსდაცვითი კოორდინატორი და კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” წარმომადგენელი ნათია ცვარიანი.

კონკურსის გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ, აქტივობების განხორციელებაში პედაგოგებს და მოსწავლეებს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი” დაეხმარებათ.

Latest news