მედია   სიახლეები   „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტი
03.10.2019


„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტი.
 
ეროვნული მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. ეროვნული მოხსენების სტრუქტურასა და შემუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის N337 დადგენილება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე".

დოკუმენტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
 
  • - გარემოს მდგომარეობა (ატმოსფერული ჰაერი, წყლის რესურსები, მიწის რესურსები და ნიადაგები, მინერალური რესურსები და ბიომრავალფეროვნება);
  • - სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები (კლიმატის ცვლილება, სტიქიური მოვლენები, ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები და მაიონებელი გამოსხივება);
  • - ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე (ნადირობა და თევზჭერა, სოფლის მეურნეობა და ტყითსარგებლობა, ტრანსპორტი, მრეწველობა და ენერგეტიკა);
  • - გარემოსდაცვითი მმართველობა (გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა, გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი, გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება).
  •  
ეროვნული მოხსენების პროექტის ცალკეული თავები შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (ე.წ. მწვანე და გარემოზე ეკონომიკური სექტორების ზემოქმედების თავები) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (წყლის რესურსების თავი) მხარდაჭერით.

გთხოვთ, განიხილოთ „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტი და მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები 2019 წლის 1 ნოემბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: lasha.akhalaia@mepa.gov.ge.

ამავდროულად, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს 10:30 საათზე სასტუმროში “შერატონ გრანდ მეტეხი პალასი’’ (მისამართი: ქ.თბილისი, თელავის ქუჩა #20, შეხვედრების ოთახი “შხარა”), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, გაიმართება ეროვნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს წარედგინება დოკუმენტის შინაარსი და ძირითადი მიგნებები. შეხვედრაზე გათვალისწინებულია დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ყველა მონაწილეს ექნება აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა.

გთხოვთ, საჯარო განხილვაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდოთ თქვენი კანდიდატურა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ოქტომბრისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: irine.kutateladze@eiec.gov.ge. შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, საკონტაქტო პირია: ირინე ქუთათელაძე - გარემოს საინფორმაციო სამსახური,  ტელ.: 577 966 098.

დანართი - „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტი

Latest news