ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო

მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო. მწვანე ბანაკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა გახსნეს და ახალგაზრდების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 „გარემოსდაცვითი განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისთვის. საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ შესაბამისი სასწავლო პროგრამები სკოლებში დანერგოს და კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
„ახალგაზრდა კლიმატის ელჩები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას იღებენ. ისინი სწავლობენ თანამშრომლობის ქსელის შექმნასა და აქტივიზმს, ემზადებიან, რომ საზოგადოებაში წამყვანი ადგილი დაიკავონ. ყოველ ჩვენგანს შეუძლია ბევრი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი პირადი ნახშირბადის კვალი შევამციროთ, თუმცა მხოლოდ ეს კლიმატის ცვლილებას ვერ შეაჩერებს. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მხრივ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ვისურვებდით, რომ მომავალში, ჩვენი კლიმატის ელჩები ზრდასრული აქტივისტები, ინფლუენსერები, ამომრჩევლები და ლიდერები გახდნენ და იმ ცვლილებას მიაღწიონ, რომელიც ჩვენს პლანეტას გადაარჩენს“, - აღნიშნა ბერესფორდმა.

ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ პროექტები ადგილობრივ დონეზე. ბანაკის პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებს და გუნდურ აქტივობებს. მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საველე გასვლა გეოლოგიურ საფრთხეებზე დაკვირვების მიზნით.

ბანაკის მონაწილე ახალგაზრდა მოხალისეები და ეკო-ლიდერები საქართველოს 12 მუნიციპალიტეტს წარმოადგენენ - ახმეტას, გარდაბანს, გორს, გურჯაანს, ზუგდიდს, თბილისს, თელავს, ლაგოდეხს, სენაკს, სიღნაღს, ქობულეთსა და ხობს. ბანაკში მონაწილეობისათვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 26 ახალგაზრდა, რომელთა საშუალო ასაკია 15 წელი. 

მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები" ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ UNDP-ის ფართომასშტაბიანი პროგრამის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

საჯარო განხილვები