ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სასკოლო კონკურსი - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“

სასკოლო კონკურსი - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს სასკოლო კონკურსს - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“.

კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. 

კონკურსი ცხადდება პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის (SIDA) და შვეიცარიის (SDC) მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის 13 სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებულ (გორი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, სამტრედია, აბაშა, ხობი, სენაკი, ქობულეთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) სკოლებს. წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე თემისთვის. 

კონკურსის ფარგლებში მონაწილე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო წინადადება, რომელიც განხორციელების შედეგადაც უზრუნველყოფს სკოლის მედეგობის გაძლიერებას ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ კატასტროფებთან მიმართებით და ადგილობრივი თემის ჩართულობას. 

საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს იმ აქტივობას/აქტივობებს, რომელიც განხორციელდება კონკურსით გათვალისწინებული ჯილდოს თანხობრივი ოდენობით (ბიუჯეტი ასევე უნდა ასახავდეს იმ აქტივობებს, რომლებიც ფულად რესურსს არ საჭიროებს). პროექტის ატივობების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს სკოლის დირექტორმა.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
 I ეტაპი - განაცხადების შერჩევა 
II ეტაპი - საპროექტო წინადადების  პრეზენტაცია

ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 ფინალისტს. გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა 1200 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სკოლას 800 აშშ დოლარი. 

კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, ელექტრონულად შეავსოთ განაცხადის ფორმა (WORD-ის ფორმატში). 

საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@eiec.gov.ge  (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: ,,ისწავლე უსაფრთხო გარემლში’’).

მონაწილეებმა 2023 წლის 11 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადის სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს პრობლემის აღწერას, პროექტის მიზნებსა და შედეგებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ოქტომბერი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge, მობ: 595958825).

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილებში. 

 

საჯარო განხილვები