2026-11-16
ცენტრის სიახლეგარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ახალი კოორდინატორი საქართველოში, ელეონორ გარნიე, და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნატალია ჭუჭულაშვილი ეწვივნენ.
შეხვედრის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე განათლების სფეროში განხორციელებული ინიციატივები.
მხარეებმა განიხილეს ცენტრსა და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგრარული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის დეფიციტური პროფესიების საკითხს, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და პედაგოგთა გადამზადების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებაზე, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განვითარებასა და ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად სამმხრივი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააგრძელონ თანამშრომლობა და ერთობლივად იმუშაონ სამომავლო ინიციატივების განვითარებაზე.
