საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ახალი „ტყის კოდექსის“ თანმდევ კანონქვემდებარე აქტებზე. ამ ეტაპზე სრულდება ახალი „ტყითსარგებლობის წესის“ შემუშავება, რომლის პირველი სამუშაო ვერსია ქვეყნდება საჯარო გაცნობისა და განხილვის მიზნით. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილი ვერსია არ არის საბოლოო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მისი განახლების პროცესი. ასევე, დაგეგმილია, რომ საკითხები, რაც არ არის კავშირში უშუალოდ ტყითსარგებლობის სფეროსთან, გატანილი იქნება შესაბამის მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებში. ამდენად, აღნიშნულ ვერსიაში ეს საკითხები აღარ არის სრულად წარმოდგენილი.
 
დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 1 თვის ვადაში ელექტრონულ მისამართებზე:
► lika.giorgadze@mepa.gov.ge;
► papuna.kapanadze@mepa.gov.ge;
► archil.nikoleishvili@forestry.gov.ge;
► david.damenia@forestry.gov.ge
04.01.2021
გაცნობებთ, რომ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #413 დადგენილების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწარმოებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან.

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების მიხედვით, რომლებიც საქმიანობის სუბიექტებმა, საანგარიშო 2020 წლის დასრულების შემდეგ, 2021 წლის 15 თებერვლამდე, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/ - სადაც, ასევე, ხელმისაწვდომია ფორმის შევსების ვიდეო-ინსტრუქცია) მეშვეობით უნდა შეავსონ და შესათანხმებლად წარუდგინონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამის სამსახურებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას წარდგენილ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შეთანხმების თაობაზე იღებენ 15 მარტამდე.

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებას ელექტრონული სახით აწარმოებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა სტაციონარული ობიექტი, გარდა „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #413 დადგენილების მე-41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისა.
31.12.2020
საქართველოში 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულია უქმე დღეები. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველები 15 იანვრის შემდეგ წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს და ჩაეწეროთ გამოცდის ჩასაბარებლად. 

საკონტაქტო პირი - ანა მანჯავიძე
(მობ: 555 233 536; ელ.ფოსტა: Ana.Manjavidze@eiec.gov.ge)
30.12.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგები მიზნად ისახავს სააგენტოს იმ თანაშრომლების ცოდნის გაღრმავებას, რომლებიც ფერმერებს აგროწარმოების მიმართულებით უწევენ კონსულტაციებს. განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ტერნინგებს, ქვეყნის 9 რეგიონიდან, 160 მონაწილე დაესწრო.

მცენარეთა დაცვის საკითხეზე ტრენინგები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტებმა, ზურა ხიდეშელმა, ლუდმილა ცხვედაძემ და მარიამ მაჭავარიანმა ჩაატარეს. ტრენერებმა დეტალურად განიხილეს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მეთოდები, ქიმიური და ბიოლოგიური პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების რეგლამენტები. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს თხილის, კარტოფილის, ლურჯი მოცვის, ციტრუსის, ხორბლის, ბოსტნეულისა და ვაზის მავნებლების დაავადებებთან ბრძოლის შესახებ.

ტრენინგები, რომლებიც 15 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზაცია (ფაზა 2)” და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსების ფარგლებში ჩატარდა.
მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრენინგები ონლაინ გაიმართა.
30.12.2020
გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წყალმოსარგებლე ობიექტები, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად, ვალდებულნი არიან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #6, info@mepa.gov.ge) 2021 წლის 15 თებერვლამდე წარმოადგინონ „სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №04-I-01“ (წლიური), რომლის შევსება ხორციელდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების მიერ შევსებული ფორმების შეგროვება ხდება უშუალოდ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ.

სტატისტიკურ ანგარიშგებას ექვემდებარება ყველა წყალმოსარგებლე ობიექტი, რომელიც:
ა) ჩამდინარე წყლებს უშვებს უშუალოდ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლის ობიექტებში, აგრეთვე სანიაღვრე კანალიზაციაში, დამაგროვებლებში, ფილტრაციის მოედნებში, ამაორთქლებლებში, სამიწათმოქმედო რწყვის მინდვრებზე, ადგილის რელიეფზე და ა. შ.
ბ) ჩამდინარე წყლებს უშვებს საკანალიზაციო სისტემაში და აქვს საკუთარი წყალაღება ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლის ობიექტებიდან;
გ) ჩამდინარე წყლებს უშვებს საკანალიზაციო სისტემაში და წყალაღება აქვს წყალაღების სისტემიდან არანაკლებ 20 მ3/დღ-ში.
29.12.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) და „კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის“ (CSAP) დოკუმენტების საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო თხილავამ გახსნა. 2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი. ასევე, შემუშავდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენენ კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს. დოკუმენტი მოიცავს შვიდი სექტორის (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) ანალიზსა და შესაბამის ღონისძიებებს.

შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა კლიმატის ცვლილების სამმართველოს წარმომადგენელმა მაია ცხვარაძემ, რომელმაც დეტალურად განიხილა ორივე დოკუმენტი და დაინტერესებული საზოგადოების მხრიდან მიღებული კომენტარები.

საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სხვა დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

საჯარო განხილვამდე საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც სექტორულ დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობით გაიწერა, საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 3 დეკემბერს. წარმოდგენილი კომენტარებისა და შენიშვნების საფუძველზე, რომელთა განხილვაც ხდება შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში, დარედაქტირებული და განახლებული სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა ონლაინ გაიმართა.
26.12.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე ორჰუსის კონვენციის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა (National Focal Point) - ნინო გოხელაშვილმა 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის მომზადების პროცედურის, სტრუქტურის და კონვენციის შესრულების მდგომარეობის სამი პრინციპის (გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა) შესახებ ისაუბრა. საჯარო განხილვის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციების - “მწვანე ალტერნატივას” და “საბუკოს” წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით და შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

საჯარო განხილვას, რომელსაც ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და დაიტერესებული საზოგადოება, ფასილიტაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი უწევდა.

საჯარო განხილვამდე საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 16 ოქტომბერს. საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი კომენტარებისა და შენიშვნების საფუძველზე, რომლის განხილვაც ხდება შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში, დარედაქტირებული და განახლებული ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა ონლაინ გაიმართა.

საქართველო, როგორც ორჰუსის კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, ოთხ წელიწადში ერთხელ კონვენციის ყოველი მხარეთა შეხვედრისთვის, მოამზადოს და წარადგინოს კონვენციის შესრულების ეროვნული ანგარიში. ეროვნულ ანგარიშებში აღიწერება, თუ რა საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა სახის ღონისძიებებს ატარებენ მხარეები კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად.

ორჰუსის კონვენციის მხარე სახელმწიფოების მიერ ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 1 თებერვალი.

1998 წლის 25 ივნისს დანიის ქალაქ ორჰუსში 39 ქვეყნის და ევროკავშირის მიერ ხელი მოეწერა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციას „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ (ორჰუსის კონვენცია). 2000 წლის 11 თებერვალს კი საქართველოს პარლამენტმა მოახდინა კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალაში შევიდა მისი ამოქმედებისთანავე, 2001 წლის 30 ოქტომბერს.

ორჰუსის კონვენცია გარემოსდაცვით კონვენციებს შორის განსაკუთრებული ტიპის დოკუმენტია, რომელიც აყალიბებს ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. კონვენციის მიზანია გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება.
23.12.2020
2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2021 წლის 1 იანვრამდე.

კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პირი თავისუფლდება კოდექსით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდისგან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქმიანობის განმახორციელებლები, რომელთაც სამინისტროსთვის არ მოუმართავთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ვალდებულნი არიან 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიღება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  79(7) მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული საქმიანობა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ ხორციელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, – გამოიწვევს გაფრთხილებას“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებული პირების/კომპანიების ინფორმირების მიზნით რამდენჯერმე განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29335https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/26788 
22.12.2020

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს 12:00-სთზე დაგეგმილია  “ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)” და “კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის” საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/87688034101 ან შეხვედრის ID: 876 8803 4101

2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა/განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი.

სამინისტროს მიერ ასევე შემუშავდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენენ კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს.

აღნიშნული დოკუმენტები საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის გამოქვეყნებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე და მოხდა მათი შესაბამისი განახლება დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული კომენტარებისა და შენიშვნების საფუძვლზე.

17.12.2020
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი ორგანიზებით დისტანციურად გაიმართა პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით'' წლიური და საზედამხედველო კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში, პროექტის თითოეული კომპონენტის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შესრულებული სამუშაოების შესახებ, პროექტის განმავლობაში მიღწეული საბოლოო შედეგების გაცნობის მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, ასევე სხვადასხვა აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებებბი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა შესახებ. ასევე, პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტების (დედოფლისწყარო, ახმეტა, გარდაბანი) წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე თავიანთი მუნიციპალიტეტების მაგალითებზე დაყრდნობით.

შეხვედრის დასასრულს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა ერსინ ესენმა, დადებითად შეაფასა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და მოუწოდა ჩართულ მხარეეებს, რომ გამოიყენონ პროექტის განხორციელების ფარგლებში მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება მათ შემდგომ საქმიანობაში.

პროექტი "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" 2016 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.

პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით.
12.12.2020

2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, ასევე შეიმუშავა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული ძალისხმევის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს. დოკუმენტი მოიცავს შვიდი სექტორის (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) ანალიზსა და შესაბამის ღონისძიებებს. 

 

დოკუმენტები მომზადებულია სექტორულ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების, სექტორული ტექნიკური სამუშაო ჯგუფების მუშაობისა და ამ ჯგუფების წევრებთან აქტიური თანამშრომლობით.

 

კომენტარების და წინადადებების მიღება განსაზღვრულია მიმდინარე წლის 14 დეკემბრამდე. გთხოვთ, მოგვაწოდოთ კომენტარები ელ: ფოსტაზე: maia.tskhvaradze@mepa.gov.ge; climatechange@mepa.gov.ge

 

საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით.
 

03.12.2020

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 22 დეკემბერს 12:00 სთ-ზე გაიმართება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
 
საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/85238718169 ან შეხვედრის ID: 852 3871 8169.
 
საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა მ/წ 16 ოქტომბერს.
03.12.2020
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 1-12 (of 710)

Latest news