ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება

აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის - “აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება” დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, რომელზეც  პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები განიხილეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში  ანნა ჩერნიშოვამ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის უფროსმა, ბექა თაგაურმა გახსნეს. 

“პროფესიული განათლების ხელშეწყობა აგრარული მიმართულებით არის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი პროგრამები როგორიც არის ექსტენციის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის პროგრამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტებისთვის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, რომელიც  ადაპტირებულია საქართველოსთვის, იმ რეალური პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც შეინიშნება კლიმატის ცვლილების პირობებში. ზოგადად ექსტენციის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ცენტრმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, იმისათვის რომ მიაწოდოს ფერმერებს ინფორმაცია, ასევე დაეხმაროს ხარისხიანი განათლების მიღებაში,“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ერთად, განვახორციელეთ პროექტი, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას ემსახურება. ამ პროგრამის მეშვეობით, ფერმერებს უკეთ ეცოდინებათ, თუ რა წვლილი უნდა შეიტანონ კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში და რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატის ცვლილებამ მათზე. აღნიშნული პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია და, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, გახდება კიდევ უფრო სტაბილური, მდგრადი და სისტემურად დაინერგება საქართველოში პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ. 

შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში ექსტენციის სერვისების გაუმჯობესების მიზნით შექმნილ და განახლებულ ელექტრონულ პლატფორმებს, რომელიც ეხმარებათ ფერმერებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებასა და დროულ კონსულტაციებში. ასევე, მიიღეს ინფორმაცია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის მიმართულებით პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო პროგრამების შესახებ. აღნიშნული პროგრამების შესახებ პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში უკვე ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მის დასანერგად. პროექტის ფარგლებში  შემუშავდა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციის სისტემა (AKIS) და ინფორმაციის ხარისხის სტანდარტი სოფლის მეურნეობის დარგში. სოფლის მეურნეობაში ცოდნისა და ინოვაციის სისტემა ეხმარება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებსა და ინსტიტუტებს ინოვაციების დანერგვაში, ინფორმაციის მიღებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.

აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების ამაღლების აქტივობები პროექტის - “საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზება (ფაზა 2)“  ფარგლებში  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება, აგრარული განათლების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომზადება-გადამზადების მექანიზმების გაძლიერება.

 

საჯარო განხილვები