გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პოსტერების კონკურსში ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და მიწის მდგრადი მართვის პერსპექტივები საქართველოში’’.
გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია დედამიწის ზედაპირის ერთ მესამედს ემუქრება, რაც 1 მილიარდზე მეტ ადამიანს ტოვებს შემოსავლის წყაროს და საცხოვრებელი პირობების გარეშე.
საქართველოსათვის გაუდაბნოება და მიწის დეგრადაცია არა მარტო ეკოლოგიური, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაცაა. გადაჭარბებული ძოვება, ტყის ფართობების შემცირება, არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და ტერიტორიების არარაციონალური ათვისება ურბანული განვითარების მიზნით მიწის დეგრადაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია.
გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში ჩართვა არის უნიკალური შესაძლებლობა, შევახსენოთ ყველას, რომ გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელი, მისი აღმოფხვრა კი მიღწევადია. მთავარი გზა ამ მიზნამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაა ყველა დონეზე.
შექმენი შენი უნიკალური პოსტერი, გამოგვიგზავნე და გაგვიზიარე შენი ხედვები გაუდაბნოებასა და მიწის დეგრადაციასთან საბრძოლველად.
პოსტერში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც:
დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით
აცნობიერებს საქართველოში მიწის დეგრადაციისა და გაუდაბნოების პრობლემის სიმწვავეს.
ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი განსხვავებული ხედვებისა და გზების შემოთავაზება ამ პრობლემების გადასაჭრელად.
პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
A1 ფორმატი (59.4სმ x 84.1სმ) ან უფრო დიდი (ელექტრონული ვერსია, PDF ფორმატში)
პოსტერში გამოყენებული სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს.
პოსტერი არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ტექსტს და გაფორმებული უნდა იყოს თემასთან დაკავშირებული ფოტოებით, ცხრილებით, დიაგრამებით, რუკებით ან/და სხვა საშუალებებით ვიზუალური თვალსაჩინოებისთვის.
პოსტერის თემატიკა უნდა ეხებოდეს გაუდაბნოებისა და მიწის მდგრადი მართვის საკითხებს საქართველოში.
პოსტერისთვის შერჩეული თემატიკა შეიძლება ეხებოდეს ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთს:
პოლიტიკური, მარეგულირებელი და ინსტიტუციური რეფორმები
მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის სარგებლის წარმოჩენა
ცოდნის გაღრმავება მიწის მდგრადი მართვის პრინციპებისა და ადგილობრივ დონეზე მისი მნიშვნელობის შესახებ
პოსტერში განხილული პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა იყოს წარმოდგენილი ავტორის რეკომენდაციები/რჩევები მიზნის მისაღწევად.
პოსტერი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრებები შესაბამისი არგუმენტაციით.
ავტორი პოსტერში განხილული პრობლემის მასშტაბის და ადგილმდებარეობის არჩევასა და თემატიკის კონკრეტიზაციაში მთლიანად თავისუფალია (შესაძლებელია განხილული იყოს ერთი სოფლის, რეგიონის ან მთლიანად ქვეყნის პრობლემა და გაუდაბნოებასთან/მიწის მართვასთან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული საკითხი).
მონაწილეებმა პოსტერები უნდა გამოგვიგზავნონ 17 ივნისის ჩათვლით (ელექტრონულად, PDF ფორმატში) ელექტრონულ მისამართზე: info@eiec.gov.ge
10 საუკეთესო პოსტერის ავტორისთვის გაიმართება ლექცია-სემინარი საქართველოში გაუდაბნოებისა და მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე. ამავე ღონისძიებაზე მოეწყობა პოსტერების გამოფენა და გამოვლინდება 3 საუკეთესო პოსტერი, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებით!
რეკომენდირებული პროგრამები პოსტერზე სამუშაოდ:
Microsoft Publisher
Canvas
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ირინე ქუთათელაძე, ელ-ფოსტა: irine.kutateladze@eiec.gov.ge ან ტელ: 577966098
გისურვებთ წარმატებებს!