გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით პროექტის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სათემო ორგანიზაციებისთვის - ,,შექმენი უსაფრთხო თემი”.
კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.
წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის.
განაცხადის წარდგენის პროცედურა
განმცხადებლებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@eiec.gov.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: ,,კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვის’’).
განმცხადებელმა ცენტრს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
● პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული);
● დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში);
● საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;
● პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობის განმახორციელებლის რეზიუმე.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატის შედეგად კონკურსიდან ორგანიზაციისა და პროექტის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა მასალა და დოკუმენტი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განკარგულებაში რჩება. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ცენტრი მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუზიარებს გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ; პროგრამის განხორცილებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
I ეტაპი - განაცხადების შერჩევა
II ეტაპი - საპროექტო წინადადების პრეზენტაცია
საპროექტო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. განმცხადებლის სავარაუდო ბიუჯეტის ხარისხი, სიზუსტე, მკაფიოობა, სისრულე და ხარჯთ-ეფექტურობა (20%)
2. შემოთავაზებული ინიციატივის კრეატიულობა და ინოვაციურობა (10%)
3. შემოთავაზებული პროექტის მდგრადობა (20%)
4. ცნობიერების ამაღლება (20%)
5. ორგანიზაციული გამოცდილება და ჩართული მხარეების გამოცდილება (15%)
6. მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება და ინტეგრირება (ბავშვები, ხანდაზმულები, ქალები, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობები და იძულებით გადაადგილებული პირები) (10%)
7. სექტორთაშორისი მუშაობა (ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორის და თემის ჩართულობის ხელშეწყობა) (5%)
ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად გადაეცემა 4000 აშშ დოლარი.
საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge საკონტაქტო პირი: პროექტის ასისტენტი გვანცა ჯანჯღავა (ელ.ფოსტა: gvantsa.janjgava@eiec.gov.ge, მობ: 591510055).
დანართი 1 საპროექტო განაცხადის ფორმა
დანართი 2 ბიუჯეტი
დანართი 3 პროექტის შესახებ ინფორმაცია