ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment), რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა) დახმარებას მწვანე ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და გარემოსდაცვითი რისკების შემცირების საკითხებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომზადდა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საქართველოს სივრცის დაგეგმარების სექტორისთვის სახელმძღვანელოს პროექტი. სახელმძღვანელოს შემუშავების მიზანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პროცედურის ეფექტიანი განხორციელება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების სექტორში გამოყენებისას მდგრადი სივრცითი განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვის პრინციპების, მიდგომების ადრეული და ეფექტური ინტეგრაციის უზრუნველყოფა სივრცით სტრატეგიულ დოკუმენტებში.
აღნიშნული სახელმძღვანელოს პროექტთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ელ. ფოსტაზე - eia@mepa.gov.ge