2024 წლის 27 მარტს, ლანჩხუთის მერიის შენობაში გაიმართა შეხვედრა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ჯუმათის სატყეო უბანში მდებარე 625 ჰა ფართობზე, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხის საზოგადოების წარმომადგენლებთან განხილვის მიზნით. შეხვედრა ორგანიზებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. შეხვედრის წინაპირობა იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსადმი, ა(ა)იპ ,,საქართველოს მონადირეთა კავშირის“ მომართვა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
განხილვის პროცესში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის რეგიონში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები, დაინტერესებული საზოგადოება, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა და მონადირეები. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე და დასმულ კითხვებზე.
ამასთან, გამოიკვეთა სამონადირეო მეურნეობისთვის შერჩეული ფართობის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე სოფლების მოსახლეობასთან დამატებითი შეხვედრის გამართვის საჭიროება, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 12 აპრილს 12:00 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში.
საკონტაქტო პირი: ნონა ხელაია, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ელ. ფოსტა: nona.khelaia@mepa.gov.ge