2024 წლის 10 სექტემბერს, 12:00 საათზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მის: ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის #1) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით.
დოკუმენტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულების შესაბამისად.
მენეჯმენტის გეგმის მიზანია, განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისთვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მეილის სათაური: საჯარო განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: Info@apa.gov.ge
შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
მენეჯმენტის გეგმის დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/imereticave