ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

UNDP-ის რეგიონული დირექტორი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში კახეთის რეგიონს ეწვია

UNDP-ის რეგიონული დირექტორი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში კახეთის რეგიონს ეწვია

პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მიმდინარე ანგარიშს  გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწე და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, გაეცნო. 

შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასკოლო კონკურსის - „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებთანაც. სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში, ახალგაზრდებმა  შემეცნებითი ინიციატივები წარადგინეს, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურება. მირიანა სპოლიარიჩმა და სოლომონ პავლიაშვილმა მდ. ხოდაშნისხევზე და მდ. თელავისხევზე მიმდინარე ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოებიც დაათვალიერეს.  

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამობრძანდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარეობს ხოდაშნისხევსა და თელავისხევზე. ეს არის პრევენცია, რომელიც შეაფერხებს წყალდიდობებს, რომელმაც შესაძლებელია დიდი ზიანი მოუტანოს რეგიონს. წინანდლის სკოლაში ვნახეთ რამდენად მაღალია ინტერესი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით და ადგილზე გავეცანით განხორციელებულ სამუშაოებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე 30 წელია, რაც  საქართველოსთან თანამშრომლობს, რითაც ძალიან ვამაყობთ. ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის. ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანია ინსტიტუტების გაძლიერება, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება“, - განაცხადა  მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფების რისკის შემცირებას ემსახურება. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერები არიან კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები. პროგრამის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს. ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში, სადაც კატასტროფების რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი.

 

საჯარო განხილვები