ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსის „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კონკურსის „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ესსეების კონკურსის „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსის გამარჯვებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ყოჩიაშვილია. მეორე ადგილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლემ მათე საჯაიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლე მაია ალავერდაშვილი და მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეციცხვაიას გელა ჭედიას სახელობის სკოლის მოსწავლე დათო ბერია გავიდნენ. 

გამარჯვებულ მოსწავლეებს წიგნის ვაუჩერები გადაეცათ. 

კონკურსის მიზანი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ საკონკურსო ნამუშევრები ტყეზე ზეწოლის შემცირების გზების, ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების სწორად გამოყენების, ალტერნატიული საწვავისა და საზოგადოების მხრიდან ტყის დაცვის ვალდებულებების შესახებ. ესსეები შეფასდა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

დაჯილდოება მეტყევის დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ყოველ წელს 10 ოქტომბერს აღინიშნება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ესსეების კონკურსი ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ფარგლებში გამოაცხადა. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით.

პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

 

საჯარო განხილვები