ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„სატყეო სკოლაში“ სწავლა დასრულდა

„სატყეო სკოლაში“ სწავლა დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „სატყეო სკოლა“ ფარგლებში მიმდინარე სასწავლო კურსი დასრულდა.

ცენტრმა „სატყეო სკოლა“  მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით განახორციელა, სადაც IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ  ტყის მართვის სისტემისა და ტყის ბიომრავალფეროვნების შესახებ. ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა „სატყეო სკოლა“  ყოველწლიურად ჩატარდება. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.

ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს საქართველოს ტყეები, ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები, მერქნული და არამერქნული რესურსები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ტყის ხანძრები, ტყის აღდგენა-გაშენება, ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული საწვავი, როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი, ტყეზე მონიტორინგისა და კანონაღსრულების მექნიზმები, ტყის ჭრის აღრიცხვიანობა, მეტყევის პროფესია, სატყეო განათლება და დასაქმების სექტორები. 

ონლაინ სემინარების შემდეგ, ახალგაზრდებმა საველე პრაქტიკა გაიარეს, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნენ, შეისწავლეს ის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხდება. 

„სატყეო სკოლაში“ მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. 

კურსი შემუშავებულია პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

 

საჯარო განხილვები