გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროფესიული მომზადების პროგრამის – „გარემოსდაცვითი მმართველის“ ფარგლებში, პრაქტიკული კომპონენტი გაიმართა „ინდორამა რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე.
პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, გაცნობოდნენ საწარმოში ნარჩენების მართვის პროცესებსა და პრაქტიკულ მიდგომებს.
შეხვედრა გაიმართა კომპანიის „რუსთავის აზოტი ინდორამა“ მენეჯერულ რგოლთან, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი მმართველის როლს, როგორც ნარჩენების მართვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მოთხოვნად პროფესიას. ამასთანავე, მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც მიზნად ისახავს პრაქტიკული სწავლების გაძლიერებასა და კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას გარემოსდაცვითი კადრების მომზადების პროცესში.
პროგრამის „გარემოსდაცვითი მმართველი“ მიზანია ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას და საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტების ეფექტიან დანერგვას.