გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ეკოლოგიურ ინიციატივებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ნარჩენების მართვა, პლასტმასის ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ეკოკლუბების როლი თანამედროვე საზოგადოებაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკოლოგიური პრობლემების პრევენციის გზებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული ჩვევების დანერგვას.
ინტერაქტიული ფორმატის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები და ემსჯელათ გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გარემოსდაცვით სფეროში არსებული დეფიციტური პროფესიების თემამ, რის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ ახალგაზრდების მოტივირება, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები და მომავალში წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვის პროცესში.