გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროფესიული მომზადების პროგრამაზე „გარემოსდაცვითი მმართველი“ მეორე ნაკადის სწავლა დაიწყო.
სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ნარჩენების კლასიფიცირებას, ნარჩენების მართვის გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, ელექტრონულ სისტემებში მუშაობას, ასევე თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის მექანიზმებს.
მიმდინარე ნაკადში 18 მსურველი მონაწილეობს, მათ შორის როგორც ფიზიკური პირები, ასევე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები.
სასწავლო პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. მისი ხანგრძლივობა 4 კვირას (55 საათს) შეადგენს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება 200 ტონაზე მეტი არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტი ინერტული ან 120 კგ სახიფათო ნარჩენი, ეკისრებათ ვალდებულება ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კადრი - გარემოსდაცვითი მმართველი. აღნიშნულმა რეგულაციამ სხვადასხვა სექტორში კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება მნიშვნელოვნად გაზარდა.
პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც ეფექტიანად განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას.