გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სააგენტოს რეინჯერებისთვის სასწავლო კურსი „დრონების გამოყენება მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროცესებში“ ჩატარდა.
სამდღიანი პროგრამის მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) გამოყენების მიმართულებით რეინჯერების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება იყო, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დაცულ ტერიტორიებზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროცესს.
დრონების გამოყენება რეინჯერებს შესაძლებლობას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტიანად განახორციელონ დიდი და რთულად მისადგომი ტერიტორიების კონტროლი, დროულად აღმოაჩინონ შესაძლო სამართალდარღვევები, ხანძრის კერები ან სხვა გარემოსდაცვითი რისკები, ასევე აწარმოონ დაკვირვება ველურ ბუნებასა და ბიომრავალფეროვნებაზე.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა დრონების მუშაობის პრინციპების, მართვის სისტემების, უსაფრთხოების წესების, სამართლებრივი რეგულაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
პროგრამა მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას და მონიტორინგის პროცესების ეფექტიანობის გაზრდას.