საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო.
სწავლების მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მზადყოფნისა და მედეგობის გაძლიერება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა უსაფრთხოების, სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და საჯარო სკოლების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
ტრენინგები ხორციელდება პროექტის სამიზნე 46 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებისთვის და მიზნად ისახავს მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით. პროგრამა დაეხმარება საჯარო სკოლებს, გახდნენ უფრო მედეგნი კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული საფრთხეების მიმართ.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე, კატასტროფების განმაპირობებელი ფაქტორები, რისკის შემცირების მექანიზმები, რისკების შეფასებისა და ანალიზის ინსტრუმენტები, თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება, კატასტროფების რისკის შემცირების საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში, ასევე საგანგებო მართვის გეგმის შემუშავების წესი და ძირითადი პრინციპები.