თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგი გაიმართა. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ისეთი პრაქტიკული უნარების განვითარებაა, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაში დაეხმარება.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვისა და მათი სწორად დახარისხების პრაქტიკულ მიდგომებზე, პლასტმასის უარყოფით გავლენაზე და მისი შემცირების და ხელახალი გამოყენების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო გარემოსდაცვითი აქტივიზმის როლი და ახალგაზრდული ინიციატივების მნიშვნელობა, რაც მონაწილეებს მოტივაციას აძლევს, უფრო აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვის პროცესებში და საკუთარ თემში დადებითი ცვლილებების განხორციელებას შეუწყონ ხელი.
ტრენინგი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და ჯგუფურ აქტივობებს, რამაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა ერთობლივად ემუშავათ ეკოლოგიური გამოწვევების გადაჭრის გზებზე.