პროფესიული გადამზადების პროგრამის „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ მონაწილეებმა პრაქტიკული სწავლების ნაწილი ზედაზნის ტყეში გაიარეს.
საველე სამუშაოების ფარგლებში მსმენელები ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის პრაქტიკულ მეთოდებს გაეცნენ, შეასრულეს აზომვითი და შეფასებითი სამუშაოები და რეალურ გარემოში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.
პროგრამას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამა უკვე მესამედ ხორციელდება და მისი მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების – მეტყევე-ტაქსატორების მომზადება.
მიმდინარე, მესამე ნაკადში 17 მონაწილე სწავლობს. კურსის ფარგლებში ისინი შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს, საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, ასევე, სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.