გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სათემო ფორუმი გამართა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის მართვის სტრატეგიაზე მუშაობს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ ალადაშვილის განცხადებით თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის მართვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს იყვნენ მეტად პროაქტიურები და თავად დასახონ ამ მიმართულებით მისაღწევი სტრატეგიული მიზნები.
სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტის მერიების, საკრებულოებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სათემო ფორუმის ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე არსებული პოლიტიკისა და მიდგომების შესახებ იმსჯელეს. საერთაშორისო ექსპერტმა მონაწილეებს თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვის საუკეთესო გამოცდილებები გაუზიარა.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.