მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს რჩეული - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე ვართუმაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია “მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” იმ მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით, ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. მთელს მსოფლიოში გარემოსდაცვითი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში, რისთვისაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა მიგვაჩნია, რომ არც ერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას. 2020 წლის “მწვანე ჯილდოს” მფლობელი მარინე ვართუმაშვილი აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში და არა მარტო ის, არამედ მისი მოსწავლეებიც არიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ სამინისტრო გადასცემს “მწვანე ჯილდოს” პედაგოგს, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
“მასწავლებლი ეროვნული ჯილდო” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლი პროფესიულ დღეს იმართება. კონკურსის მიზანი ქვეყნის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენა და დაჯილდოებაა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში” და სამინისტროს სახელით “მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები.