ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერები ალგეთის ეროვნულ პარკსა და ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

ეკოლიდერები ალგეთის ეროვნულ პარკსა და ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” სასწავლო პროცესის შემაჯამებელ კვირეულს შემეცნებითი ტურებით აგრძელებს. ონლაინ სემინარების შემდეგ, რომელიც 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები ალგეთის ეროვნულ პარკსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ.

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, ეკოლიდერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ. თეორიულ სწავლებასთან ერთად, მოეწყო ეკოტური დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ეკოლიდერები უშუალოდ გაეცნენ ალგეთის ეროვნული პარკის ეკოსისტემის შემადგენელ კომპონენტებს და იქ არსებულ იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს. მოსწავლეებმა, სასწავლო პროგრამასთან ერთად, ეკოტურისტული ატრაქციონი, თოკების პარკი მოინახულეს.

გასვლითი ტურის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, ახალგაზრდებს სასწავლო ტური საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩაუტარდათ, სადაც მცენარეთა კოლექციების შექმნის პრინციპებს, ბოტანიკური ბაღის დაარსების ისტორიასა და საქმიანობას გაეცნენ.

„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. სემინარები ახალგაზრდებს აძლევს ცოდნას აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით.

„ეკოლიდერთა სკოლაში” მონაწილეობენ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებმაც ორეტაპიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და შერჩეულ იქნებ როგორც პროექტის გამარჯვებული ეკოლიდერები. პროგრამა წელს პირველად განხორციელდა და ყოველწლიურად ჩატარდება.

 

საჯარო განხილვები