გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას. მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში, ეკონომიკასა და მედიცინაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენის ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.
შეხვედრისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.
შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.