გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი გარემოს დაცვის საკითხებზე “ახალი სკოლის მოდელი”- ის ექსპერტებისთვის გამართულ ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო.
ცენტრის დირექტორი პროექტისათვის შერჩეულ კურიკულუმის ექსპერტებს სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათ წარმატებული გარემოსდაცვითი აქტივობებით დატვირთული სასწავლო წელი უსურვა.
ცენტრის წარმომადგენლებმა 5 დღის მანძილზე პროექტისათვის შერჩეულ კურიკულუმის ექსპერტებს გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარეს. ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის დროსაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ დავალებებს ამუშავებდნენ. პრაქტიკული დავალებები მოიცავდა გარემოსდაცვითი საკითხების არა მარტო ფორმალურ, არამედ არაფორმალურ სწავლებაში ასახვასაც.
დატრენინგებული პირები სექტემბრიდან პროგრამისთვის შერჩეულ სკოლებში სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობაზეც იმუშავებენ, რაშიც ტრენინგების განმავლობაში შედგენილი აქტივობები დაეხმარებათ.
„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.