ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საჯარო დიალოგი „შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით“

საჯარო დიალოგი „შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით“

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო დიალოგი „შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით” გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა, დარგის სპეციალისტებთან ერთად ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლებსა და დაბინძურების წყაროებზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე მათ ზეგავლენაზე ისაუბრეს და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს.

„გარემოს დაცვა კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის, რეფორმებისა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების გარდა, გარემოს დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვის დღეს აღვნიშნავთ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, იმ ადამიანებთან, რომელთა აზრსაც უსმენს და ითვალისწინებს საზოგადოება. ვფიქრობ, გარემოს დაცვის, კერძოდ კი, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, საერთო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევა, ეფექტურ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოსდაცვითმა ომბუდსმენმა, დევიდ მორისონმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა და ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილმა

ჰაერის დაცვის პოლიტიკაზე, გატარებულ რეფორმებსა და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს მთელ მსოფლიოში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. უკვე წლებია, გარემოს დაცვის დღე საქართველოშიც აქტიურად აღინიშნება, რაც მიზნად ისახავს გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას ამ კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა" (UNEP) ყოველ წელს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მთავარ თემად გარემოსდაცვით სხვადასხვა მიმართულებას ირჩევს. 2019 წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია „შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით”.

 

საჯარო განხილვები