საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ” მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც შვიდწლიანი პროგრამისთვის შერჩეულ ყველაზე მოწყვლად ათ მუნიციპალიტეტში შედის.
შეხვედრები მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში სენაკსა და სამტრედიაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და პროექტის გაცნობას, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოვებას, ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების მართვის ეროვნული სისტემის დანერგვას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების რისკ-ფაქტორების შემცირებას.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკისა და ზიანის შემცირების ღონისძიების ეფექტიანობა დამოკიდებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონეზე, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა, საგანმანათლებლო ორგანიზაციები და მოწყვლადი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შვიდ საფრთხეზე, რომელსაც პროგრამა მოიცავს, კერძოდ, გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ხანძარი და ძლიერი ქარი. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბუნებრივი კატასტროფების დროს საჭირო რეაგირების ღონისძიებებზე და აღდგენის ფაზაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის მნიშვნელობაზე.
საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) შვედეთის მთავრობის, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.