გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად გარემოსდაცვითი ცენტრის თანამშრომლებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.
ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრნენ. როგორც თამარ ალადაშვილმა აღნიშნა, სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელო 2019 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ცენტრი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას სხვა აქტივობებითაც განაგრძობს.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის სამცხე-ჯავახეთის მხარეებში და ქუთაისის ტრენინგით სახელმძღვანელოს დანერგვა იმერეთშიც დასრულდა.