,,ევროკავშირი საქართველოსთვის’’, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში’’ მოეწყო ფართომასშტაბიანი საჯარო ფორუმი ,,გარემოს ქმნი შენ/Talking Environment’’, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნებოდა.
ფორუმზე დასწრება ნებისმიერი პირისათვის თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობა 400-მდე ადამიანმა მიიღო, რომელთა შორისაც იყვნენ სტუდენტები, ექსპერტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტები და ნარჩენების მართვის პოლიტიკაში ჩართული პირები. მომხსენებლებმა ისაუბრეს ნარჩენებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე, ქვეყნის ნარჩენების მართვის პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე, ამ მიმართულებით ევროკავშირის სახელმწიფოების გამოცდილებაზე და ნარჩენებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. ფორუმი დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა და ნებისმეირ დამსწრეს შეეძლო საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ან კითხვის დასმა. მონაწილეებს ასევე დაურიგდათ სპეციალური საჩუქრები, მათ შორის ნაჭრის ჩანთები და მაისურები.
სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დამსწრე საზოგადოებას უჩვენა ვიდეო-რგოლი საკუთარი მონაწილეობით, რითაც საფუძველი დაუდო ახალ სოციალურ მედია-კამპანიას „ნარჩენების შემცირების გამოწვევა“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ნარჩენების შემცირების, მისი ხელახალი გამოყენების პოპულარიზაციასა და წახალისებას. ელჩმა კამპანიაში მონაწილეობისთვის გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და მოუწოდა მათ, საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება.