ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ფასების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება

ფასების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება

FAO, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების მონიტორინგის სისტემას აუმჯობესებს. მონიტორინგის სისტემა საქართველოში 2015 წლიდან მუშაობს, ევროკავშირის დაფინანსებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ხორცილდება, 100-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ყოველკვირეულად აგროვებენ ფასებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს აწვდიან, ამ ინფორმაციის შემდგომი დამუშავებისა და პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების მიზნით.

ფასების მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც, მონაცემთა შეგროვება ელექტრონულად, ტაბლეტების მეშვეობით ხორციელდება და მონიტორინგის დასრულებისთანავე, შეგროვებული და შეყვანილი ინფორმაცია სამინისტროს სერვერზე ავტომატურად იგზავნება, რაც საგრძნობლად ამარტივებს მონიტორინგის პროცესს და ამცირებს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას.

ახალი აპლიკაციის დანერგვის მიზნით, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. აღნიშნული გადამზადება სხვა მუნიციპალიტეტებშიცაა დაგეგმილი. ტრენინგებზე მოხდება აპლიკაციის გამოყენების დეტალური ინსტრუქციის, ფასების მონიტორინგის სისტემაში შესული ყველა მეთოდოლოგიური ცვლილების და პროდუქტების განახლებული ჩამონათვალის განხილვა. ღონისძიების ორგანიზება განხორციელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge

 

საჯარო განხილვები