საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით "ჰაერის დაცვის პოლიტიკის" შესახებ გამართულ დისკუსიაში, თბილისის საჯარო სკოლებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელა ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და მათი ზეგავლენის შესახებ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომლის მიზანიც დაინტერესებული საზოგადოებისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების, მისი გავლენისა და შედეგების შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რაც აუცილებელია ჰაერდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად.
დისკუსიის დასრულების შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მიმდებარედ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით სინჯები აიღეს.
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი პროექტს ახორციელდებს თბილისის მერიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ადვოკატირების სწავლებას და მათ აქტიურ ჩართვას საკუთარი ქალაქის განვითარებაში.